ზამთრის ცურვის მე-9 მსოფლიო ჩემპიონატზე 2014 წლის 19-23 მარტს მონაწილეობას მიიღებს ცნობილი ქართველი მოცურავე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი ჰენრი კუპრაშვილი. ეს იქნება საქართველოს სახელით ქართველი სპორტსმენის ასპარეზობის პირველი შემთხვევა ამ მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში.
ჩემპიონატს მასპინძლობს ფინეთის ჩრდილოეთში მდებარე ლაპლანდიის დედაქალაქი როვანიემი, რომელიც მსოფლიოში ცნობილია, როგორც სანტა კლაუსის ოფიციალური ადგილსამყოფელი. უშუალოდ შეჯიბრება ჩატარდება ჩრდილოეთის პოლარული წრის საზღვართან, მდინარე კემიიოკის სპეციალურად სპორტული ცურვისთვის მომზადებულ ყინულჭრილში.
ზამთრის ცურვის მსოფლიო ჩემპიონატები ტარდება ორ წელიწადში ერთხელ. წელს მასში მონაწილეობს 28 ქვეყნის ათასი სპორტსმენი. ქვეყნების პირველი ექვსეულის მიხედვით ოქროს მედლების რაოდენობა ასე გამოიყურება: რუსეთი 31, ესტონეთი 16, ფინეთი 13, დიდი ბრიტანეთი 9, ლატვია 7, გერმანია 2.
ჰენრი კუპრაშვილი იცურავებს კროლით 25 და 50 მეტრიან დისტანციებზე. იგი ემზადება სპორტკომპლექს „ლაგუნა ვერეზე" და სპორტკომპლექს „არენაზე". ჰენრი კუპრაშვილს გვერდში უდგას და ყოველთვის გრძნობს მხარდაჭერას საქართველოს ცურვის ეროვნულ სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტისგან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორისგან, აკადემიკოს არჩილ ფრანგიშვილისგან. მას ვარჯიშისათვის ყველა პირობა შეუქმნეს სპორტკომპლექს „ლაგუნა ვერეს" ადმინისტრაციამ და სპორტკომპლექს „არენას" მენეჯერებმა მაია აზარაშვილმა და ზურაბ მემარნიშვილმა.
კუპრაშვილის სპორტულ მიღწევებს 13 წელია, როგორც ქართულ ისე უცხოურ მედიაში აქტიურად აშუქებს ცნობილი ჟურნალისტი თენგიზ პაჭკორია, ამჯერადაც „ჟურნალისტ ფოიერვერკი" გააშუქებს მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობას და ჰენრი კუპრაშვილის გამოსვლას როვანიემში.
ერთწლიანი მზადების პროგრამიდან და ვარჯიშებზე სატესტო გაცურვებში ნაჩვენები შედეგებიდან გამომდინარე ჰენრი კუპრაშვილს ხუთეულში მოხვედრის დიდი იმედი აქვს თავის ასაკობრივ ჯგუფში.
1) სპორტსმენს მხარში ამოუდგა:
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (მგზავრობა, სასტუმრო და დღიური ხარჯი).
ს/კომპლექსი „ლაგუნა ვერე" (თბილი და ცივი აუზები, ტრენერ-კონსულტანტი, ექიმი). სპორტკომპლექსი „არენა" (აუზი, საუნა, ტრენაჟორები).
ავიაკომპანია „თურქიშ ეარლაინზი" (ბიზნეს კლასით ფრენა).
2) მე-9 მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზატორები:
ზამთრის ცურვის საერთაშორისო ასოციაცია International Winter Swimming Association.
ასოციაცია ოუნასვაარან ლატუ Ounasvaaran Latu association.
როვანიემი - სანტა კლაუსის ოფიციალური მშობლიური ქალაქი Rovaniemi - The Official Hometown of Santa Claus.
14 მარტისთვის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში დაგეგმილია პრესკონფერენცია.