კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი (ICCN) გმობს ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის საოკუპაციო ჯარის უკანონო ქმედებების განახლების და იზიარებს საქართველოს პრეზიდენტის მოწოდებას_ საერთაშორისო საზოგადოებამ მიიღოს შესაბამისი ზომები რუსეთის მხრიდან უკანონო ქმედებების აღსაკვეთად.
ჩვენი მხრიდან არ დავიშურებთ ენერგიას, რომ დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო ორგანიზაციებს კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ უფრო აქტიურად განიხილონ და დღის წესრიგში დააყენონ მაღალ ტრიბუნებზე საქართველოში მიმდინარე მცოცავი ოკუპაციის შეჩერების საკითხი.
რუსეთის საოკუპაციო ძალები ბოლო დღეების განმავლობაში ქარელის რაიონის სოფელ ღოღეთსა და ატოცის ტერიტორიაზე კვლავ აგრძელებს მავთულხლართების გაბმის უკანონო პროცესს. შედეგად კონფლიქტის ზონაში მოხვედრილი მოსახლეობა ვერ ახერხებს საკუთარ სასოფლო სამეურნეო ნაკვეთებზე მუშაობას. აგრეთვე, ფერხდება მათი პირველადი სამედიცინო დახმარების მიღება.