დღეს, 17 მარტს, 10:00 საათზე, სასტუმრო "რედისონში" ქართულ-სლოვაკური ბიზნესფორუმი გაიმართება, რომელსაც გახსნიან საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი და სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მიროსლავ ლაჟჩაკი.
ფორუმის მონაწილე საქმიანი წრეების წარმომადგენლებისთვის საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემოსა და შესაძლებლობების თაობაზე პრეზენტაციას გამართავს საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი ირაკლი მატკავა. ფორუმის დღის წესრიგით ასევე გათვალისწინებულია სლოვაკეთის ინვესტირებისა და ვაჭრობის სააგენტოს სტრატეგიისა და სტრატეგიული პროექტების დეპარტამენტის უფროსის ალექსანდრ შკურლას გამოსვლა.
პრეზენტაციების დასრულების შემდეგ, ბიზნესფორუმის ფარგლებში გაიმართება ქართველი და სლოვაკი ბიზნესმენების პირისპირ შეხვედრები.
ბიზნესფორუმში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს ეწვია სლოვაკ ბიზნესმენთა დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან სამშენებლო, მანქანათმშენებლობის, ენერგეტიკული, სატელეკომუნიკაციო, სატრანსპორტო და ტურიზმის სექტორებში მომუშავე კომპანიების წარმომადგენლები.