საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საჰაერო რეისების თაობაზე ხელშეკრულების გაფორმების საკითხზე რიგი შეხვედრა გამართა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პრემიერის აპარატიდან აცნობეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბელგიელ კოლეგა ივ ლეტერმს, ევროკომისარს ტრანსპორტის საკითხებში სიმ კალასს და ევროკომისარს ევროკავშირის გაფართოების და მეზობლობის პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულეს შეხვდა.
როგორც ნიკა გილაურმა აღნიშნა, "ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არის ფრენების შესახებ ხელშეკრუელბა. ეს ხელს შეუწყობს კიდევ უფრო მეტი ავიაკომპანიის მოწვევას საქართველოში, უფრო მეტ ქალაქთან პირდაპირი ფრენის გახსნას.
"ბრიუსელის კონფერენციაზე 4.5 მილიარდი იქნა შეპირებული საქართველოსთვის. აქედან რაღაც ნაწილი მოდიოდა ევროკავშირის დაფინანსებაზე. 2009 წელს ჩვენ ავითვისეთ საკმაოდ დიდი თანხა, ეს ძირითადად ლტოლვილებისთვის სახლების მშენებლობას მოხმარდა. წელსაც ჩვენ ვაპირებთ იგივე პროექტები გავაგრძელოთ და დაფინანსება მივიღოთ ევროკავშირისგან", - განაცხადა გილაურმა.
ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის შეხვედრები ანდრის პიებალგსთან (ევროკომისარი ევროპის განვითარების საკითხებში), გიუნტერ ოეტინგერთან (ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში) და კარელ დე გუჰტთან (ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში).
აგრეთვე, ბრიუსელში ვიზიტისას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ევროპის კომისიის პრეზიდენტს ხოსე მანუელ ბაროზოს (Jose Manuel Barosso) შეხვდება.
მასალის გამოყენების პირობები