ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური "საქართველოს ბანკსა" და "სოკარ ჯორჯია გაზს" შორის გაფორმებულ მემორანდუმს "მნიშვნელოვანს" უწოდებს.
"ეს მნიშვნელოვანი შეთანხმებაა, რადგან რეგიონებში მაცხოვრებელ მოსახლეობას საკმაოდ უჭირს და ერთბაშად იმ თანხის გადახდა, რაც მის საცხოვრებელ სახლამდე გაზის მილის მისაყვანად არის საჭირო, არ შეუძლია. აქედან გამომდინარე, მისასალმებელია ის ინიციატივა, რომელიც "საქართველოს ბანკმა" გამოიჩინა. ეს დააჩქარებს ახალი აბონენტების გაზიფიცირებას", - განაცხადა ხეთაგურმა აღნიშნული მემორანდუმის გაფორმების ღონისძიებაზე, რომელიც დღეს "ქორთიარდ მარიოტში" გაიმართა.
მისივე განმარტებით, ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვა რეგიონების მაცხოვრებელთა ბიუჯეტზეც დადებითად აისახება და მათ ყოველთვიურად დაახლოებით სამჯერ ნაკლები ფინანსური დანახარჯი ექნებათ.
"თითოეულ ოჯახს მხოლოდ საჭმლის მოსამზადებლად ყოველ თვეში ერთი ბალონი თხევადი გაზი ესაჭიროება, რაც დაახლოებით 25 ლარი ღირს. ზამთრის სეზონზე კი ამას გათბობისთვის შეშაც ემატება, რაც საკმაოდ ძვირია. ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის შემდეგ კი აბონენტებს დაახლოებით სამჯერ ნაკლები ფინანსური დანახარჯი ექნებათ", - განმარტა ხეთაგურმა.
შეგახსენებთ, რომ "საქართველოს ბანკი" გაზის ქსელში ჩართვის მსურველ აბონენტებს შესაბამისი თანხის დაფარვისთვის სესხს სთავაზობს.
შესაბამისი მემორანდუმი "საქართველოს ბანკსა" და "სოკარ ენერჯი ჯორჯიას" შვილობილ კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზს" შორის დღეს, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაფორმდა.
შეთანხმების თანახმად, "საქართველოს ბანკი" ყველა იმ მომხმარებელს დააფინანსებს, რომელსაც გაზის ქსელში ჩართვა და ამ მიზნით სესხით სარგებლობის სურვილი ექნება.
უფრო კონკრეტულად, რეგიონებში მაცხოვრებელ ყველა შესაბამის მოქალაქეს შესაძლებლობა ეძლევა "საქართველოს ბანკიდან" 500 ლარამდე მოცულობის სესხი აიღოს.
"სესხის თანამონაწილეობა 10 % იქნება, ვადა კი 24 თვემდე განისაზღვრება. ყველა მოქალაქეს, რომელსაც ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის სურვილი აქვს და ამისთვის საჭირო თანხა არ გააჩნია, შეუძლია ჩვენი ბანკიდან 500-ლარამდე ოდენობის სესხი გამოიტანოს. სესხის მაქსიმუმი ოდენობისა და ვადის (24 თვე) სარგებლობის შემთხვევაში აბობენტებს ყოველთვიურად მხოლოდ 23 ლარის გადახდა მოუწევთ", - განაცხადა მემორანდუმის გაფორმებამდე ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე "საქართველოს ბანკის" გენერალურმა დირექტრომა ირაკლი გილაურმა.
მისივე განმარტებით, "სოკარ ჯორჯია გაზის" აბონენტებს იმის შესაძლებლობაც ექნებათ, რომ მოხმარებული გაზის საფასური "საქართველოს ბანკში" გადაიხადონ.
როგორც ცნობილია, სამწლიანი პროექტის ფარგლებში, რომლის განხორციელებაც შარშან, 2009 წელს დაიწყო, "სოკარ ჯორჯია გაზს" საქართველოს რეგიონების მასშტაბით მთლიანობაში 150 ათასი აბონენტის გამრიცხველიანების ვალდებულება აქვს, აქედან გასულ წელს გაზის ქსელში 50 ათასი აბონენტის ჩართვა მოხდა, წლის ბოლომდე კი კიდევ 45 ათასი აბონენტი გამრიცველიანდება.
150 ათასი აბონენტის შეღავათიანი სესხით დაფინანსებისთვის "საქართველოს ბანკს" 75 მლნ ლარი აქვს გამოყოფილი.
მასალის გამოყენების პირობები