ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომა ოფიციალურად დაიხურა. 28+1 ფორმატში ნატოს სამხედრო კომიტეტმა და საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა თავდაცვისა და სამხედრო სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. სესიაზე ასევე, ყურადღება გამახვილდა იმ კონკრეტულ მიმართულებებზე, სადაც თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება იგეგმება. ეს თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საქართველოს შეიარაღებული ძალების შემდგომ ტრანსფორმაციასა და ნატოსთან თავსებადობის ამაღლებას.
კომიტეტის სხდომაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს კონტრიბუცია ავღანეთის საერთაშორისო უსაფრთხოების ოპერაციაში (ISAF), ასევე განხილული იყო ნატოსთან სამომავლო თანამშრომლობის გეგმები, 2014 წლის შემდგომ წვრთნის მისიაში საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობის შესახებ.
სხდომის შედეგები შეაფასა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ: „ძალიან საინტერესოდ ჩაიარა შეხვედრამ. იყო საინტერესო კითხვები, ასევე, დამატებით, განახლებული ინფორმაცია, რომელიც მიმდინარეობს შეიარაღებულ ძალებში და თავდაცვის სამინისტროში. განსაკუთრებით ხაზი გაესვა და წითელ ზოლად მიყვებოდა შეხვედრას აღიარება იმ წვლილის, რაც ქართულ შეიარაღებულ ძალებს შეაქვს საერთო უსაფრთხოებაში და ის აქტიურობა, რასაც ქართული მხარე იჩენს ნატოსთან ურთიერთქმედებაში. დაისახა გარკვეული ამოცანები, დაზუსტდა შემდგომი ნაბიჯები. ნატოს მხრიდან ჩვენი რეფორმების მიმართ სრული მხარდაჭერაა."
ნატოს სამხედრო მაღალჩინოსნების შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დარჩიაშვილმა: „განვიხილეთ საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესში, თავდაცვის რეფორმირების პროცესში მიღწეული პროგრესი. რა თქმა უნდა, ნატოს მხრიდან ძალიან დადებითად ფასდება ის კონტრიბუცია, რასაც ჩვენი მებრძოლები ეწევიან ავღანეთში მიმდინარე ოპერაციაში. განვიხილეთ საკითხების ფართო სპექტრი, რა თქმა უნდა, დადებითი შეფასება იქნა ნატოს მხრიდან გახმოვანებული საქართველოს მიმართ."
ნატოს სამხედრო კომიტეტის გასვლითი ვიზიტი საქართველოში პირველად იმართება. სამხედრო კომიტეტი ნატოს უმაღლესი სამხედრო ორგანოა. მისი ძირითადი ფუნქციაა ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს სამხედრო პოლიტიკასა და სტრატეგიაზე წარუდგინოს რეკომენდაციები და ნატოს სტრატეგიულ სარდლებს მისცეს მითითებები. კომიტეტის შემადგენლობაში შედიან ნატოში წევრ-ქვეყნების სამხედრო წარმომადგენლები.