საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დღეს ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებმა მედიას განხილულ საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდეს. მოგვიანებით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და გენერალმა კნუდ ბარტელსმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ქართული შეიარაღებული ძალების ნატოსთან თავსებადობის თაობაზე დასმულ კითხვას უპასუხა: „ძალიან მადლიერი ვართ ნატოსი, რომ ხელს გვიწყობს ამ რეფორმების განხორციელებაში. განსაკუთრებით ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი, გარდა სამხედრო წვრთნების და ტრანსფორმირებისა, იყო დახმარება, რომელიც გაგვიწიეს ჩვენს ინიციატივებზე, უფრო გამჭვირვალე გამხდარიყო თავდაცვის ბიუჯეტი, უფრო მეტი პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება გვქონოდა საზოგადოების და პარლამენტის წინაშე. სწორედ ეს ის რეფორმებია, რომელსაც ახლა ნატო გვირჩევს, რომ გავუზიაროთ სხვა ქვეყნებს, სადაც არის დეფიციტი ამგვარი გამოცდილების.
რაც შეეხება შემდგომ ნაბიჯებს. თქვენ იცით, რომ უკვე რამდენიმე თვეა მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება 2015 წელს ნატოს რეაგირების ძალების ნაწილი. უკვე სპონსორი სახელმწიფოც შეირჩა საქართველოსთან ერთად, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები და ჩვენ გავაგრძელებთ სწორედ მუდმივ მზადყოფნას ნატოელ სამხედროებთან ერთად, რომ კრიზისების შემთხვევაში სწრაფი რეაგირება და პრევენცია მოვახდინოთ. ეს უკვე ნიშნავს, რომ აბსოლუტურად ახალ საფეხურზე ავიდა ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობა, ნდობა. სწორედ ეს არის ჩვენი ურთიერთობების მომავალი."
ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში საქართველოს ჩართვაზე ისაუბრა გენერალმა კნუდ ბარტელსმაც: „ჩვენ ვაპირებთ შევამციროთ ძალების რაოდენობა ავღანეთში 2014 წლის ბოლოს და ვაპირებთ ადგილზე დარჩეს მხოლოდ ჯარების შეზღუდული რაოდენობა, რომელსაც არ ექნება საბრძოლო მისია. მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი დაფუძნებული იყოს იმ გამოცდილებაზე, რომელიც ჩვენ ალიანსის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ინტენსიური თანამშრომლობით დავაგროვეთ ავღანეთში. ნატოს სწრაფი რეაგირების ძალები, რომელიც წლების წინ შეიქმნა, მიზნად ისახავდა ალიანსს ჰქონოდა მოქნილი ბერკეტი, რომელიც სწრაფ რეაგირებას მოახდენდა მოვლენების განვითარების შესაბამისად. ის კვლავ რჩება საშუალებად ერთად მოვუყაროთ თავი მიღებულ გამოცდილებას, განვავითაროთ ურთიერთთავსებადობა და დავრწმუნდეთ, რომ თუ საჭირო გახდება შეგვიძლია ერთად მოქმედება შეტყობინების მიღებისთანავე, რადგან ჩვენ გვაქვს გამოცდილება და დოქტრინების და ოპერატიული პროცედურების საერთო აღქმა. ამიტომ მნიშვნელოვანია საქართველოს ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში მონაწილეობა და ძალიან მოხარულები ვართ, რომ საქართველო მისი მონაწილე გახდება 2015 წლიდან."
ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან საქართველოს შიარაღებული ძალების თავსებადობას მაღალი შეფასება მისცა: „ის ფაქტი, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები ავღანეთში მსახურობენ და ნატოს მოკავშირეებთან ერთად ასრულებენ მისიას სხვა ქვეყნების მხარდამხარ გვიჩვენებს, რომ ისინი სრულად ინტეგრირებულები არიან IშAF - ის ძალებთან. 11 000 სამხედრო მოსამსახურე, რომელმაც გაიარა გადასროლის წინა მომზადება და მსახურობდნენ ავღანეთში, უკვე ნიშნავს, რომ ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ნატოსთან თავსებადობის დონე საკმაოდ მაღალია."
გენერალმა ბარტელსმა საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე ტრანსფორმაცია და რეფორმები დადებითად შეაფასა. „მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაცია წარმატებით მიმდინარეობს. ასევე, მინდა ყურადღება გავამახვილო პოლიტიკურ დინამიკაზე გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების კუთხით. ამ ორ მიმართულებას, რომელიც მნიშვნელოვნად ვითარდება, ალიანსი მაღალ შეფასებას აძლევს.
საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებული რეფორმები და პოლიტიკური მნიშვნელობის საკითხები, რაც ბიუჯეტირების გამჭვირვალობას, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან ანგარიშვალდებულებას გულისხმობს, ნატოს წარმომადგენლების მხრიდან მაღალ შეფასებას იმსახურებს. ამ მხრივ წინგადადგმულ ნაბიჯებზე გაამახვილა ყურადღება თავდაცვის მინისტრმა. საქართველოში ძალიან კარგი და დადებითი რეფორმების პროცესი მიმდინარეობს."