ზამთრის XXII ოლიმპიური თამაშები - სოჭი 2014 - დღეს საზეიმო ცერემონიალით გაიხსნა. 7 თებერვლიდან 23 თებერვლის ჩათვლით სოჭი სპორტის 15 სახეობაში 98 შეჯიბრებას უმასპინძლებს.
საზეიმო ცერემონიალში, რომელიც 150 წუთს გაგრძელდა, 4700 მოხალისე მონაწილეობდა. წარმოდგენა წინ უსწრებდა ოლიმპიური ცეცხლის დანთებას და რუსეთის ისტორიას ასახავდა, რომელიც კლასიკოსი მწერლების და სახელგანთქმული კომპოზიტორების შემოქმედებაზე იყო დაფუძნებული. რუსეთის პოლიტიკური ელიტის გარდა ფიშტის სტადიონზე საპატიო სტუმართა შორის იყვნენ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი, სოკ-ის მაღალჩინოსნები და რამდენიმე ქვეყნის ლიდერები.
საქართველოს ოლიმპიური გუნდის მედროშე სამთო მოთხილამურე ნინო წიკლაური გახლდათ. გახსნის საზეიმო ცერემონიალში მასთან ერთად მონაწილეობდნენ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, სოჭში ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელი მამუკა ხაბარელი, სოკ-ის პრესსამსახურის უფროსი კახა ბერიძე, სპორტსმენები და მწვრთნელები.
ოლიმპიური ცეცხლი სტადიონზე ჩოგბურთელმა, ლონდონის 2012 წლის თამაშების ვერცხლის მედალოსანმა მარია შარაპოვამ შემოიტანა, რომელმაც ჩირაღდანი ჭოკით მხტომელ ელენა ისინბაევას გადასცა. ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტის ბოლო ნაწილში ასევე მონაწილეობდნენ სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ალექსანდრ კარელინი და ახლო წარსულში ტიტულიანი ტანმოვარჯიშე ალინა კაბაევა. საბოლოოდ ოლიმპიური ცეცხლი ლეგენდარულმა სპორტსმენებმა, ზამთრის ოლიმპიური თამაშების 3-3-გზის ჩემპიონებმა ირინა როდნინამ (ფიგურული სრიალი) და ვლადისლავ ტრეტიაკმა (ჰოკეი) დაანთეს.
სოჭში 88 ქვეყნის სპორტსმენები იასპარეზებენ. ეს ზამთრის ოლიმპიური თამაშების ახალი რეკორდია. ოთხი წლის წინ, ვანკუვერში, 82 ქვეყნის ათლეტებმა სცადეს მედლების მოპოვება. XXII „თეთრ ოლიმპიადაზე" ყველაზე მეტი მონაწილე ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებს ჰყავს - 230 სპორტსმენი. თამაშების მასპინძელი რუსეთის გუნდი 225 წევრით მეორეა, კანადა კი მესამე - 220.
ხვალ, 8 თებერვალს მედლების 5 კომპლექტი გათამაშდება: ჩემპიონები ციგურაობაში, მთის თხილამურობაში, ბიატლონში, ფრისტაილსა და სნოუბორდისტთა შეჯიბრებაში გამოვლინდება. ცნობისათვის: სოჭი 2014-ის ოქროს მედლის წონა 531 გრამია. აქედან 525 გრამი ვერცხლია, 6 გრამი კი ოქრო.