2014 წელს, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი პოლონეთში სარეკლამო კამპანიებისა და მარკეტინგული ღონისძიებების კიდევ უფრო გააქტიურებას გეგმავს. უკვე ცნობილია, რომ დეპარტამენტის ოფიციალური ვებ-გვერდი პოლონელებისათვის მალე პოლონურ ენაზე იქნება ხელმისაწვდომი.
როგორც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში აცხადებენ, მათ მიერ 2013 წელს პოლონეთში განხორციელებული სარეკლამო კამპანიის შედეგები დღემდე გრძელდება. მათივე ინფორმაციით, ბოლო პერიოდში პოლონურ პრესაში ჩვენი რეგიონის შესახებ რამდენიმე სტატია დაიბეჭდა. სტატიის ავტორები ნოემბრის თვეში დეპარტამენტის მიერ საინფორმაციო ტურით მოწვეული ჟურნალისტებია, რომლებიც შემოდგომამდე აჭარა-ბათუმის შესახებ კიდევ რამდენიმე სარეკლამო ხასიათის სტატიას შესთავაზებენ პოლონელ მკითხველს.
დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კვლევით 2013 წელს მხოლოდ საინფორმაციო ტურების ფარგლებში ცნობილ ჟურნალ-გაზეთებსა და ინტერნეტ პორტალებზე დაბეჭდილი სტატიების წვდომამ დაახლოებით 560.000 შეადგინა. გასულ წელს სარეკლამო კამპანია ხორციელდებოდა ასევე პოლონეთის ტელევიზიებით, გარე სარეკლამო ბილბორდების საშუალებით. სამთვიანი სარეკლამო კამპანია ჩატარდა კატოვიცას აეროპორტში (ევროპის ერთ-ერთი საკვანძო აეროპორტი), პოლონეთის კურორტებზე კინოფესტივალის "Orange kino letnie " -ის ფარგლებში. აღნიშნული აქტივობების წვდომამ 4.984.058 შეადგინა. მარკეტინგულ ღონისძიებებთან ერთად წვდომების რიცხვი კიდევ უფრო იზრდება სოციალურ ქსელებსა და ონლაინ მარკეტინგის საშუალებით განხორციელებული აქტივობებით.