სოჭში ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალი გაიმართება. მას, არაოფიციალური ინფორმაციით, 40-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი დაესწრება.
ორგანიზატორები სტუმართა შემადგენლობის გამოქვეყნებისგან თავს იკავებენ, სავარაუდოდ კი, საპატიო სტუმართა სიაში ვიქტორ იანუკოვიჩი, რეჯეფ ტაიპ ერდოღანი, იაპონიის პრემიერ-მინისტრი და გაეროს გენერალური მდივანი იქნებიან.
საზეიმო ცერემონიალში კი ტრადიციული რუსული ატრიბუტიკა იქნება გამოყენებული.
გავრცელებული ინფორმაციით, ცერემონიალში ზამთრის სახეობის ბოლო წლებში წარმატებული სპორტსმენები და რუსი შემსრულებლებიც მიიღებენ მონაწილეობას.
ღონისძიების დახურული რეპეტიცია სოჭში ორი დღის წინ გაიმართა, თუმცა სხვა დეტალები ამ დრომდე გასაიდუმლოებულია.
ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალი სოჭში დღეს 20:00 საათსა და 14 წუთზე დაიწყება და მას პირდაპირში საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.
ოლიმპიადის გახსნამდე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ და რუსეთის პრეზიდენტმა სოჭში მყოფი მაღალი რანგის პირებისთვის მიღება გამართეს. მას ჩინეთის პრეზიდენტი, გაეროს გენერალური მდივანი და სხვა საერთაშორისო ლიდერებიც ესწრებოდნენ. სადღესასწაულო ვახშამზე სტუმრებს სიტყვით ვლადიმერ პუტინმა მიმართა.