2014 წლის ზამთრის ოლიმპიადაში მონაწილე ქართველი სპორტსმენები სოჭში გაემგზავრნენ.
საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გულშემატკივრებმა გააცილეს.
ოლიმპიადაში სულ ოთხი ქართველი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის არიან სამი მოთხილამურე: ნინო წიკლაური, იასონ აბრამაშვილი, ალექსი ბენიაიძე და ერთი მოციგურავე - ელენე გედევანიშვილი.
ქართული დელეგაციის თექვსმეტკაციანი შემადგენლობის ნაწილი სოჭში უკვე ჩასულია, რომელთაც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი ხელმძღვანელობს.
ზამთრის ოლიმპიური თამაშები ხვალ თბილისის დროით 20:15 საათზე დაიწყება. ოლიმპიური თამაშების პირდაპირ ტრანსლაციას მაყურებელს საზოგადოებრივი მაუწყებელი შესთავაზებს.