გოდერძის უღელტეხილზე სამთო-სათხილამურო კურორტის მოწყობაში კერძო სექტორიც ჩაერთვება. როგორც აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი განმარტავს, ინვესტორების მხრიდან დაინტერესება არსებობს და საბოლოო შედეგის მიღწევა, მათი მხრიდან კონკრეტული საინვესტიციო წინადადებების წარმოდგენის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
„დღეის მდგომარეობით, არსებული ფინანსური რესურსი იძლევა დაგეგმილი ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფის საშუალებას. ინვესტორების მხრიდან არსებობს დაინტერესება კურორტის ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობასთან დაკავშირებით, რომელთა განხორციელება და კონკრეტული საინვესტიციო წინადადებების წარმოდგენა კურორტის განაშენიანების გეგმისა და მიწათსარგებლობის საკითხების გადაჭრის შემდგომ იქნება შესაძლებელი"- აცხადებს ხაბაძე.
როგორც ცოტახნის უკან აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, კურორტ „გოდერძს" რეგიონში ყველაზე გრძელი 4 კილომეტრიანი სათხილამურო ტრასა ექნება. კურორტი პირველ დამსვენებელს 2014-2015 წლის ზამთრის სეზონზე მიიღებს.
უწყების ინფორმაციითვე, 2013 წელში კურორტის ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის შესრულებული იქნა 2,059 ათასი ლარის და 4,372 ათასი ევროს ღირებულების სამუშაო, მათ შორის, 2,059 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოები დაფინანსდა.. საზოგადოების კაპიტალში დამფუძნებელი-პარტნიორის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ შემოტანილი თანხით და 4,372 ათასი ევროს ღირებულების სამუშაოები უნიკრედიტ ბანკ „ავსტრიასგან" საქართველოს მთავრობის მიერ აღებული შეღავათიანი სესხის თანხით.
ამ დროისათვის გოდერძის უღელტეხილზე, ყოფილი მეტეოსადგურის შენობაში დასრულებულია სასტუმროს მშენებლობა. ასევე დასრულებულია, კურორტის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა.
გოდერძის უღელტეხილზე სამთო-სათხილამურო კურორტის მშენებლობაზე მუშაობა 2011 წელს დაიწყო. 2011 წელს შედგა კურორტის საპროექტო სამუშაოები და უშუალოდ მშენებლობა კი - 2012 წელს დაიწყო. 2011 წელს სამთო-სათხილამურო კურორტის საპროექტო სამუშაოებისთვის მთავრობამ 0,5 მლნ ლარი დახარჯა, ხოლო 2012 წლის განმავლობაში კურორტის მშენებლობაში 13 მლნ ლარის ინვესტიცია ჩადო. ხოლო რაც შეეხება საბაგირო დანადგარებს და შესაბამის ინფრასტრუქტურას, ამისათვის ავსტრიული ბანკიდან UniCredit Bank Austria AG მთავრობამ 10 მლნ 930 ათასი ევროს ოდენობის შეღავათიანი (უპროცენტო) ფინანსური რესურსი მოიზიდა.
ზამთრის კურორტის მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 2350 მეტრს აღწევს. აღსანიშნავია აგრეთვე ისიც, რომ ტურისტებისთვის აჭარაში არანაკლებ მიმზიდველი ადგილი უკვე გახდა ქედლები და გომარდული.