დღეს „ვისოლ ჯგუფმა" საზოგადოებას ამერიკული რესტორნების ქსელის „ვენდის" განვითარების გეგმები გააცნო და განაცხადა, რომ 2014 წლის მანძილზე კომპანია საქართველოში შვიდ ახალ „ვენდის" რესტორანს გახსნის. სიახლე „ვენდის" პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ემილ ბროლიკმა და საერთაშორისო პრეზიდენტმა დარენ ვან ლიგტენმა, საქართველოში შეერთებული შტატების ელჩთან რიჩარდ ნორლანდთან და „ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტთან სოსო ფხაკაძესთან ერთად განაცხადა.
„ვისოლ ჯგუფმა", რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესი ბიზნეს ჯგუფია საქართველოში, სალიცენზიო შეთანხმებას „ვენდისთან" საქართველოსა და აზერბაიჯანში „ვენდის" რესტორნების ქსელის განვითარების შესახებ 2012 წელს მოაწერა ხელი. „ვენდის" პირველი რესტორანი საქართველოში 2013 წლის 12 სექტემბერს გაიხსნა და მომხმარებელს უგემრიელესი, საფირმო მენიუ შესთავაზა, რომელიც ოთხკუთხედ ჰამბურგერებს, ახალდამზადებულ სალათებს, კარტოფილ ფრის, „ჩილის" სოუსს და „ფროსტის" დესერტს მოიცავს სხვა კერძებთან ერთად. გასართობი და სათამაშო ზონის გარდა, რესტორანში ფუნქციონირებს „ვენდის" კაფე, რომელიც 15 სახის პრემიუმ ხარისხის ყავას სთავაზობს მომხმარებელს. თბილისში, 1000 მ2 - ზე მეტ ფართზე განთავსებული ინოვაციური ინტერიერის დიზაინისა და უნიკალური მომსახურებათა პაკეტის მქონე „ვენდის" რესტორანი ყველაზე დიდი „ვენდის" რესტორანია მსოფლიოში.
როგორც „ვენდის" პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ემილ ბროლიკმა განაცხადა: „ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ იმ დადებითი გამოხმაურებით, რომელიც საქართველოს მოსახლეობისგან მივიღეთ. დიდი ენთუზიაზმით ვართ განწყობილი „ვისოლ ჯგუფთან" ჩვენი თანამშრომლობის მიმართ და მოუთმენლად ველით ერთობლივი ძალებით „ვენდის" ბრენდის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას საქართველოში".
„ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის განცხადებით: „ჩვენ ვამაყობთ რომ საშუალება გვაქვს ვუმასპინძლოთ ემილ ბროლიკსა და დარელ ვან ლიგტენს საქართველოში და წარვადგინოთ ჩვენი სამომავლო გეგმები „ვენდის" ქსელის საქართველოში განვითარების შესახებ, რადგან სწორედ ამ მიმართულებით იქნება ჩვენი ძალისხმევა მიმართული მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში.
„ვენდის" გააჩნია ძლიერი მსოფლიო ბრენდის იმიჯი და გამოირჩევა პროდუქტის უმაღლესი ხარისხითა და განსაკუთრებულად მაღალი დონის მომსახურებით. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ კომპანიამ სწორედ „ვისოლ ჯგუფთან" ერთად გადაწყვიტა შემოსულიყო ბაზარზე და განევითარებინა „ვენდის" ქსელი საქართველოსა და აზერბაიჯანში".
„ვენდის" შესახებ
„ვენდი" ამერიკასა და ევროპის 28 ქვეყანაში 6500 სწრაფი კვების რესტორანს ფლობს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ კომპანიის ვებ გვერდს www.aboutwendys.com ან www.wendys.com.
„ვისოლ ჯგუფის" შესახებ
„ვისოლ ჯგუფი" ერთ-ერთი უდიდესი ჯგუფია საქართველოში, რომელმაც არა მხოლოდ ენერგეტიკის თითქმის ყველა სფერო მოიცვა, არამედ სამშენებლო, სარეკლამო, სასტუმროების, სუპერმარკეტებისა და სწრაფი კვების რესტორნების ბიზნესსაც ანვითარებს. ჯგუფი საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილია მისი შვილობილი ბრენდების - სუპერმარკეტების ქსელის „სმარტის", საქართველოს მასშტაბით ავტოგასამართ სადგურების ყველაზე ფართო ქსელის მფლობელი და მმართველი კომპანია „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას", გარემოსთვის უსაფრთხო პროდუქტის, შეკუმშული ბუნებრივი გაზის მომწოდებელი კომპანია „ვისოლ გაზის", თელავის რეგიონში ბუნებრივი გაზის მომწოდებელი კომპანია „ვისოლის გაზის დისტრიბუციის", ფრანგული ნავთობ გიგანტის „ტოტალის" და „შევრონის" საავტომობილო ზეთების ექსკლუზიური იმპორტიორის საქართველოში „ვიანორ ჯორჯიას", სამშენებლო და უძრავი ქონების კომპანია „ველაჯიოს", საქართველოში წამყვანი გარე რეკლამის სააგენტო „ალმას" და სხვა ბრენდების სახით. 2010 წელს „ვისოლ ჯგუფი" ევროპის საუკეთესო კომპანიების ბიზნეს დაჯილდოებაზე მონაწილე 15, 000 წამყვან კომპანიას შორის, ევროპის 10 ყველაზე წარმატებულ ბრენდს შორის დასახელდა საფრანგეთში, პარიზში. ეროვნულ ბიზნეს დაჯილდოება „მერკური 2011-ზე" „ვისოლ ჯგუფი" წლის საუკეთესო დამსაქმებლად, ხოლო „ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე 2011 წლის საუკეთესო მეწარმედ აღიარეს.