ქართული მხარე სოჭის ოლიმპიადაზე საკონსულოს წარმომადგენელს მიავლენს. ამის შესახებ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, საკონსულოს წარმომადგენელი 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტრო უახლოეს დღეებში ცხელი ხაზის ტელეფონის ნომრებს გამოაცხადებს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება მასთან დაკავშირება.
,,ჩვენ მივავლენთ სოჭში, შვეიცარიის ინტერესთა სექციის ფარგლებში საქართველოს საკონსულოს წარმომადგენელს, რომელიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დარჩება სოჭში. მისი ქმედებები იქნება ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისი. ტერიტორიულად ის იქნება შვეიცარიის სექციის ტერიტორიაზე, რადგან შვეიცარია ჩვენი ინტერესების სექციაა რუსეთში", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.