როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ განაცხადა, უკანონო ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით კანონი გამკაცრდება.
ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ სამინისტროში უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი განცხადებით, მომავალში შევა ცვლილებები და არსებობს ამის პროექტი სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე, 158-ე და 159-ე მუხლებში და გამკაცრდება სანქცია ასეთი დანაშაულის შემთხვევაში.
იზორიას თქმით, დღეს კომისიაზე მათ მოისმინეს კომისიის ფარგლებში სამუშაო ჯგუფის მიერ გაწეული საქმიანობის შედეგები. როგორც შს მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ეს შედეგები კიდევ ერთხელ ცხადჰყოფს, რომ უკანონო მოსმენებს წლების წინ, წინა ხელისუფლების პირობებში სისტემური ხასიათი ჰქონდა.