ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ელჩი რუსეთის ფედერაციაში დიმიტრი მედოევი აცხადებს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი რუსეთის ფედერაციასთან გაერთიანების შესახებ არავითარი რეფერენდუმის ჩატარებას არ აპირებს. მისივე თქმით, ეს ერთ-ერთი ე.წ. პარლამენტსგარეთ არსებული პარტიის კერძო ინიციატივაა და სხვა არაფერი.
„სამხრეთ ოსეთი არავითარი რეფერენდუმის ჩატარებას არ აპირებს და არც არავითარი გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით მიღებული არ არის. არც განხილვა მიმდინარეობს ამისა ოფიციალურ დონეზე.
საქმე იმაშია, რომ ერთ ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ რომელიც სამხრეთ ოსეთში არსებობს განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის ხილვა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში სურს. ეს ნებისნიერ პარტიის ნებაა, მით უმეტეს არჩევნების წინ ეს პოპულარული თემაა", _ აცხადებს მედოევი და აღნიშნავს, რომ „გაერთიანების იდეა" ოსური ინტელიგენციისა და ოსი ხალხის ტვინში ძალიან დიდი ხანია არსებობს, მაგრამ რეალობა სინამდვილეში არის ის, რომ „სამხრეთ ოსეთი დღეისათვის არის აღიარებული სახელმწიფო, უპირველეს ყოვლისა რუსეთის ფედერაციის მიერ. მას აქვს თავისი კონსტიტუცია და თავისი კანონები. კონსტიტუციაში კი პირდაპირ წერია, რომ სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა. 2006 წლის დეკემბერში ჩატარდა რეფერედუმი დამოუკიდებლობის თემაზე, რომელზეც მცხოვრებთა 90-ზე მეტმა პროცენტმა ხმა მისცა ქვეყნის დამოუკიდებლად განვითარებას".
„მე ახლა ცხინვალში ვიმყოფები და ახლახანს დავბრუნდი მთავრობის სასახლიდან. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს საკითხი არსად, არც ხელისუფლების დერეფნეში არ განიხილება. ეს ერთ-ერთი ახლადშექმნილი პარტიის ინიციატივაა. ეს პარტია პარლამენტშიც კი არ არის. მას საპარლამენტო პარტიად ქცევა სურს. სულ ეს არის. ანუ არავითარი განხილვა და კონსულტაცია აქ მე ვერ ვნახე", _ აცხადებს დიმიტრი მედოევი.
მასალის გამოყენების პირობები