საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) და საქართველოს ბიზნესასოციაციამ "შერატონ მეტეხი პალასში" ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. მემორანდუმით განისაზღვრა ხელმომწერ მხარეთა შორის თანამშრომლობის პრინციპები საქსტატსა და ბიზნესწრეებს შორის თანამშრომლობის და სასურველი ინფორმაციის გაცვლის საფუძველზე.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქსტატსა და საქართველოს ბიზნესასოციაციას შორის თანამშრომლობის აუცილებლობასა და პერსპექტივებზე. აღნიშნეს, რომ მათი ურთიერთთანამშრომლობა ხელს შეუწყობს ბიზნესწრეების ხარისხიანი და ობიექტური სტატისტიკური ინფორმაციით უზრუნველყოფას. ამასთანავე, საქსტატისათვის ბიზნესწრეების მხრიდან სანდო და საიმედო სტატისტიკური ინფორმაციის დროულად წარმოდგენა ხელს შეუწყობს სტატისტიკური ინფორმაციის ხარისხისა და საიმედოობის ზრდას.
საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა ზაზა ჭელიძემ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ დღესდღეობით ბიზნესსტატისტიკა დაახლოებით 12 000 კომპანიას მოიცავს და საქსტატი მათგან იღებს ინფორმაციას ყოველწლიურად და ყოველკვარტალურად, რომელსაც შემდეგ იყენებს ეროვნული ანგარიშების მონაცემების მიღებისას. რამდენდაც საიმედო იქნება ბიზნესიდან მოწოდებული ინფორმაცია, შესაბამისად, იმდენად სანდო იქნება სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციაც.
სამომავლო ურთიერთობების დაგეგმვის და აზრთა გაზიარების მიზნით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურმა და ბიზნესასოციაციამ დაგეგმეს, ორგანიზება გაუწიონ პერიოდულ ერთობლივ ღონისძიებებს ურთიერთშეთანხმებულ ფორმატში.