„სამხრეთ ოსეთი რუსეთთან მიერთებაზე ფიქრობს" - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გაზეთი „კომერსანტი" და აღნიშნავს, რომ ე.წ. რესპუბლიკის ხელმძღვანელს ამ საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებასაც სთხოვენ.
„სამხრეთ ოსეთში ყველაზე მსხვილმა პარტიამ „ედიანაია ოსეტიამ", რომელსაც ექს-პრეზიდენტობის კანდიდატი ანატოლი ბიბილოვი ხელმძღვანელობს რესპუბლიკის მეთაურს ლეონიდ თიბილოვს მიმართავს თხოვნით ჩატარდეს რეფერენდუმი „ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანების საკითხზე". განმცხადებლები აცხადებენ, რომ ამომრჩევლებმა რეფერენდუმზე ერთ კითხვას უნდა გასცენ პასუხი - ხედავენ თუ არა ისინი ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთს როგორც „ერთიან სუბიექტს რუსეთის ფედერაციისას", _ წერს კომერსანტი.
გამოცემის ინფორმაციით, შესაძლო პლებისციტის ჩატარების საკითხის განხილვას პარტიის წარმომადგენლები უკვე მიმდინარე წლის თებერვალში აპირებენ ცხინვალში დაგეგმილ კონფერენციაზე, რომელშიც მონაწილეობა ე.წ. სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის გამოჩენილმა საზოგადო და პოლიტიკურმა მოღვაწებმა უნდა მიიღონ.
რეფერენდუმის ინიციატორები მის ჩატარებას საპარლამენტო არჩევნებთან ერთად აპირებენ, რომლებიც ზაფხულშია დაგეგმილი. პარტიის დეპუტატებს ასევე სურთ, რომ რეფერენდუმის ჩატარების შესახებ განცხადება ოს სეპარატისტთა ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა გააკეთოს.
„ისინი იმედს იტოვებენ, რომ ეს მათ საშუალებას მისცემს თავიდან აიცილონ ზედმეტი ბრალდებები არჩევნების წინ პოლიტიკური ქულების დაწერის შესახებ. თუმცა, თუ თიბილოვი უარს განაცხადებს გააკეთოს განცახდება პლებისციტის ჩატარების შესახებ, „ედინაია ოსეტიას" წევრები თავად აპირებენ ყველა საჭირო იურიდიული პროცედურის გავლას",_ წერს კომერსანტი.