ოს სეპარატისტთა ლიდერი ლეონოდ თიბილოვი რუსული მედიისათვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოზე საუბრისას აცხადებს, რომ ნეგატიურმა ემოციებმა საქართველოს მხრიდან თანდათან იკლო.
„ნეგატიური ემოციების გრადუსი ჩვენს სამხრეთის მეზობლებში თანდათან კლებულობს, თუმცა პოლიტიკური ელიტის უმეტესი ნაწილი ჯერ მზად არ არის შექმნილი რეალობები აღიაროს, აღიაროს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა.
რა გაეწყობა,მსოფლიოში მრავალი ადამიანია, რომლებიც უარს აცხადებენ აღიარონ, რომ დედამიწა ბრუნავს მზის გარშემო. ამის მიუხედავად დედამიწა აგრძელებს ბრუნვას თავის ორბიტაზე, ხოლო მზე ანათებს იმის მიუხედავად, რომ ვიღაცას რეალობის გრძნობა ღალატობს", _ აცხადებს თიბილოვი და აღნიშნავს, რომ ოს სეპარატისტებს იმედი აქვთ, რომ მალე საქართველო „საღ აზრთან თანხმობაში მოვა".
„პერიოდულად ჩნდება სხვა და სხვა ოფიციალური პირების და საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელების განცხადებები საომარ ტონალობებში, მაგრამ გვინდა იმედი დავიტოვოთ, რომ საქართველო შეძლებს თავის თავში იპოვოს ძალა და საღ აზრთან თანხმობაში მოვიდეს.
ჯერ ჯერობით კი საუბარი ურთიერთობებზე არ მიდის. ერთადერთი საერთაშორისო მოედანი სადაც ხვდებიან და თანასწორუფლებიან საფუძველზე ურთიერთობენ სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს წარმომადგენლები ეს ჟენევის დისკუსიებია, რომელთა ძირითადი ამოცანა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა საქართველოს მხრიდან", _ აცხადებს ოს სეპარატისტთა ლიდერი.
მისივე თქმით, ოსი სეპარატისტები უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ სავალდებულო ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების გაფორმებას.
„ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ იურიდიულად სავალდებულო ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების გაფორმებას. მართალია დისკუსიები ამ მიმართლებით მძიმედ ვითარდება, მაგრამ მათ მაინც განვითარების დადებითი ტენდენცია ახასიათებთ", _ აცხადებს ოს სეპარატისტთა ლიდერი.