2013 წლის განმავლობაში, საბაზო საპროცენტო განაკვეთები იპოთეკურ სესხებზე 8%-მდე, ხოლო ბიზნეს სესხებზე 9%-მდე შემცირდა. როგორც დღეს სებ-ის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა, ეროვნული ბანკის ერთ-ერთ პრიორიტეტად კვლავ რჩება ლარიზაცია. მისივე განმარტებით, მიმდინარე წელს სესხების მთლიან პორტფელში დოლარში გაცემული სესხების მაჩვენებელი შემცირდა 5%-ით, რაც შეეხება ფიზიკური პირების დეპოზიტებს - ქართულ საბანკო სივრცეში ფიზიკური პირების სესხების მთლიანი მაჩვენებლის ნახევარზე მეტი ლარშია დენომინირებული;
„წლის განმავლობაში გრძელდებოდა სესხებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირება. გაიზარდა ხელმისაწვდომობა გრძელვადიან ლარით დენომინირებულ იპოთეკურ და ბიზნეს სესხებზე. საბაზო საპროცენტო განაკვეთები იპოთეკურ სესხებზე 8%-მდე, ხოლო ბიზნეს სესხებზე 9%-მდე შემცირდა. წლის განმავლობაში პოლიტიკის განაკვეთი 150 საბაზისო პუნქტით შემცირდა 3.75%-მდე, რომელიც ისტორიულად ყველაზე დაბალი განაკვეთია საქართველოსთვის"- განაცხადა 2013 წლის შემაჯამებელ პრესსკონფერენციაზე გიორგი ქადაგიძე,
ასევე ეროვნულმა ბანკმა გააფართოვა მონეტარული ოპერაციებისთვის გირაოს ბაზა, რამაც გაზარდა საკრედიტო რესურსზე ხელმისაწვდომობა.
„ფინანსურ ბაზარზე ეროვნული ბანკის ხელშეწყობით დაინერგა ახალი პროდუქტები - საცალო სადეპოზიტო სერტიფიკატები და ცვალებადი განაკვეთის მქონე სესხები"- აცხადებს ქადაგიძე.