ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგი 26-ე რაუნდი დასრულდა. რუსული მედიის ინფორმაციით, დისკუსიების მონაწილეებმა ვერ შეძლეს ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების გაფორმება.
მოლაპარაკებებზე რუსული დელეგაციის ხელმძღვანელის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის ინფორმაციით, „კომპრომისი ამ რაუნდზე სამწუხაროდ, მოძებნილი ვერ იქნა".
„სამწუხაროდ კომპრომისი ნაპოვნი ვერ იქნა, იმის გამო, რომ ქართველმა წარმომადგენლებმა კვლავ რუსეთის მხრიდან ცალმხრივი განცხადების გაკეთების მოთხოვნა დააყენეს, ეს კი პრინციპული მოსაზრებებით ჩვენთვის მიუღებელია",_ განაცხადა კარასინმა და აღნიშნა, რომ მოსკოვი არ აპირებს თბილისთან ამგვარი შეთანხმების გაფორმებას ვინაიდან ხუთი წლის წინ მომხდარ კონფლიქტში, თავს კონფლიქტის მონაწილე მხარედ არ მიიჩევს.
რუსული მედია ასევე სინანული აღნიშნავს, რომ მონაწილეებმა ვერც ზეპირი განცხადების მიღება შეძლეს ძალის გამოუყენებლობის შესახებ. ეს ინიციატივა სეპარატიტების ე.წ. დელეგაციებს ეკუთვნოდა.
„საქართველოს წარმომადგენლებმა არც თუ ისე გასაგები მიზეზების გამო არც ამ ინიციატივას დაუჭირეს მხარი", _ განაცხადა კარასინმა.
მისივე თქმით, ჟენევის მოლაპარაკებათა ეს რაუნდი არის პირველი მას შემდეგ რაც საქართველოს ახალ პრეზიდენტად გიორგი მარგველაშვილი აირჩიეს.
„ჯერ-ჯერობით ქართული მხარის პოზიციაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა",_ აღნიშნავს კარასინი და ვარაუდობს, რომ ალბათ ეს „იმიტომ ხდება, რომ ჯერ ჯერობით როგორც ჩანს ძველი მიდგომები ინერციით მოქმედებენ და ამ ინერციისგან თავის დაღწევა ძნელია, იმიტომ, რომ ქართულ საზოგადოებაში ეს თეზისები მყარად ფესვგადგმულია".