სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე საქართველოში მოქმედი სადაზღვევო კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა და სადაზღვევო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ფუნქციაზე ისაუბრა.
მისი თქმით, 2009 წლის 1-ლი დეკემბრიდან, მას შემდეგ რაც ძალაში შევიდა ახალი ორგანული კანონი "ეროვნული ბანკის შესახებ" სადაზღვევო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ფუნქცია საქართველოს ეროვნულ ბანკს დაეკისრა. აგრეთვე, ამ პერიოდში მნიშვნელოვნად დაიხვეწა საკანონმდებლო ბაზა, შემუშავდა ცხრა ძირითადი წესი, რომელიც აწესრიგებს აღრიცხვიანობისა და ანგარიშგების სისტემას, განსაზღვავს მზღვეველის ვალდებულებებსა და კონკრეტულ სანქციებს ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში.
"ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დააკისროს სანქციები თანმიმდევრულად ან არათანმიმდევრულად, დარღვევის სერიოზულობიდან გამომდინარე
სანქციები ითვალისწინებს:ფულადი ჯარიმის დაკისრებას; მზღვეველის ადმინისტრატორისათვის ხელმოწერის შეჩერებას, მისი თანამდებობიდან დროებითი გადაყენების ან თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნას; მზღვეველის პერიოდის მოგების განაწილების, დივიდენდებისა და მატერიალური წახალისებების გაცემის, ახალი ვალდებულებების აღების შეზღუდვის დაწესებას; მზღვეველის კონკრეტული ოპერაციების შეჩერების მოთხოვნას, იძულებითი ადმინისტრაციის რეჟიმის დაწესებასა და განხორციელებას", - აღნიშნა ქადაგიძემ.
ამიერიდან მზღვეველისათვის ლიცენზიის ჩამორთმევა ავტომატურ რეჟიმში იწვევს მისი ლიკვიდაციის პროცესის დაწყებას; მზღვეველის დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმში მოქცევას, მისი ლიკვიდაციისა, თუ გაკოტრების საქმის წარმოებას განახორციელებს ეროვნული ბანკი.
"სადაზღვევო სფეროში სერიოზული პრობლემებია. იმისთვის, რომ დაცული იყოს როგორც რიგითი მომხმარებლის, ასევე სახელმწიფოს ინტერესები, პრობლემებზე ქაოსური რეაგირების ნაცვლად ჩვენ ავირჩიეთ პრობლემათა გადაჭრის სისტემური გზა: სრულიად განვაახლეთ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოვიყვანეთ საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზა; აღრიცხვიანობის მოწესრიგების მიზნით გავამკაცრეთ სანქციები", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
სადაზღვევო კომპანიებს ორი თვის ვადა მიეცათ იმისათვის, რომ გამოასწორონ არსებული მდგომარეობა, მოქმედ სტანდარტებთან და ქართულ ნორმატიულ ბაზასთან შესაბამისობაში მოიყვანონ ანგარიშგებისა და აღრიცხვიანობის სისტემები, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ სერიოზული სანქციები ამოქმედდება.