დღეს, 17 დეკემბერს, შვეიცარიაში, ჟენევის მოლაპარაკებების 26-ე რაუნდი იწყება, რომელშიც იუსტიციის მინისტრის მოადგილე, გოჩა ლორთქიფანიძე მონაწილეობს. მინისტრის მოადგილის განცხადებით ქართული მხარე, როგორც ყოველთვის, შეეცდება იმ მოვლენებს, რომლებიც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და ოკუპირებულ აფხაზეთში ვითარდება, ადეკვატური შეფასება მიეცეს.
„ეს არის ჟენევის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი, რომელიც მას შემდეგ იმართება, რაც საქართველომ ვილნიუსის სამიტზე, ასოცირების ხელშეკრულების პირაფირება მოახდინა. ამ თვალსაზრისით, 26-ე რაუნდისადმი გარკვეული ინტერესი არსებობს. როგორც პირველ, უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფში, ასევე, მეორე სამუშაო ჯგუფში, სადაც ადამიანის უფლებებსა და ჰუმანიტარულ საკითხებზე მსჯელობა მიმდინარეობს, ტრადიციული დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხების განხილვა მოხდება" - განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.
ჟენევის მოლაპარაკებებზე ქართულ დელეგაციას, ტრადიციულად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი უხელმძღვანელებს.