რუსეთის თათრეთის რესპუბლიკაში მოსახლეობის დრონების თავდასხმებისგან დასაცავად რკინაბეტონის თავშესაფრების დამონტაჟება დაიწყეს. პირველი ასეთი ნაგებობა ნიჟნეკამსკის პარკში განათავსეს. ამის შესახებ The Moscow Times წერს.
ქალაქი უკრაინის საზღვრიდან 1 000 კილომეტრზე მეტ მანძილზე მდებარეობს.
ნიჟნეკამსკის მერის, რადმირ ბელიაევუს თქმით, კონსტრუქციები მოქალაქეებს ნამსხვრევებისა და დარტყმითი ტალღისგან დასაცავად არის განკუთვნილი. მისივე განცხადებით, ეს თათრეთისთვის საპილოტე პროექტია და ერთი თავშესაფარი 20 ადამიანს იტევს.
„განგაშის დროს ადამიანებს ყოველთვის არ შეუძლიათ სწრაფად მიაღწიონ უახლოეს დაცულ ადგილამდე“, - აცხადებს ბელიაევი.
ნიჟნეკამსკის ხელისუფლებამ მსგავსი დამცავი კონსტრუქციების მოწყობისას ბელგოროდის გამოცდილება შეისწავლა. ბელიაევის განცხადებით, პირველი ობიექტის შეფასების შემდეგ, ქალაქის სხვა პარკებსა და სკვერებში მსგავსი თავშესაფრების დამონტაჟებაც იგეგმება.
ეს თათრეთში ასეთი ტიპის პირველი თავშესაფარია.
ადგილობრივი ხელისუფლება მსგავსი ნაგებობების საჭიროებას, მათ შორის, 10 აგვისტოს დრონების თავდასხმას უკავშირებს, რომლის დროსაც საწარმოო და სამოქალაქო ობიექტები დაზიანდა. მაშინ 13 ადამიანი დაიღუპა, დაახლოებით 80-ს კი სამედიცინო დახმარება დასაჭირდა.
თათრეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა რუსტამ მინიხანოვმა განაცხადა, რომ მსხვერპლის ნაწილის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა, ადამიანები თავშესაფრებში რომ ყოფილიყვნენ.
ამასთან, ბოლო პერიოდში უკრაინის დრონების მოქმედების გეოგრაფია რუსეთის ტერიტორიაზე კიდევ უფრო შორს გავრცელდა. 9 სექტემბერს დრონების თავდასხმის საფრთხე პირველად გამოაცხადეს ხანტი-მანსიის ავტონომიურ ოკრუგში - იუგრაში, რომელიც უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 2 500 კილომეტრში მდებარეობს.
იმავე დღეს დრონებმა იამალსაც შეუტიეს. გუბერნატორ დმიტრი არტიუხოვის განცხადებით, ქალაქ ნოვი ურენგოიში თავდასხმის სამიზნე სამრეწველო ობიექტი გახდა. იამალის რეგიონი უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 3 000 კილომეტრში მდებარეობს.