რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ კალინინგრადის ან რუსეთის სხვა ტერიტორიაზე პირდაპირი თავდასხმის შემთხვევაში მოსკოვი მის ხელთ არსებული ყველა შეიარაღების გამოყენების საკითხს დაუყოვნებლივ დააყენებს.
პუტინმა ამის შესახებ საერთაშორისო სადისკუსიო კლუბ „ვალდაის“ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„ჩვენ არავის ვაშინებთ. ის, რაზეც ახლა ისაუბრეთ - საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება და წერილები, რომლებიც სამინისტრომ გარკვეულ ქვეყნებში გააგზავნა - დაშინება არ არის. ეს არის პასუხი ჩვენს დაშინების მცდელობაზე“, - განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში და სხვადასხვა ქვეყანაში გაგზავნილ წერილებში ყველაფერი „სწორად არის დაწერილი“.
„თუ საქმე რუსეთის ფედერაციაზე პირდაპირ თავდასხმამდე მივა, ამ შემთხვევაში კალინინგრადს და, შესაძლოა, სხვა ტერიტორიებსაც ვგულისხმობ, დღის წესრიგში აუცილებლად და დაუყოვნებლივ დადგება რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის ხელთ არსებული ყველა შეიარაღების გამოყენების საკითხი. ეს გარდაუვალია“, - განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ, მისი მტკიცებით, „ისეთი განადგურების საშუალებები, როგორიც რუსეთს აქვს, ამჟამად არავის გააჩნია“.
პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ კალინინგრადის ოლქის დაცვის შესახებ გავრცელებულ წერილში ბირთვული იარაღი ნახსენები არ ყოფილა და საუბარი რუსეთის მიერ „ყველა საშუალების“ გამოყენებას ეხებოდა.
„ისინი [დასავლელი ლიდერები] ჩვენგან ასეთ პასუხს ელოდნენ. ახლა ამოიღებენ ამ ფრაზას კონტექსტიდან და დაიწყებენ იმის მტკიცებას, თითქოს რუსეთი ბირთვული იარაღით იმუქრება. ჩვენ არავის ვემუქრებით და არ ვაპირებთ ვინმეზე თავდასხმას - არც 2029 წელს, არც 2030-ში და არც 2050 წელს. მაგრამ თუ აგრესიას შევეჯახებით, იძულებული გავხდებით, ვუპასუხოთ“, - განაცხადა პუტინმა.