დღეს, 17 დეკემბერს გაიმართება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი, რიგით 26-ე რაუნდი. საქართველოს დელეგაციას ტრადიციულად უხელმძღვანელებს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი.
საქართველოს დელეგაცია კიდევ ერთხელ გამოხატავს მკაცრ პროტესტს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებასა და იმ არალეგალურ ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებსაც რუსეთის საოკუპაციო ჯარი ახორციელებს ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებში მავთულხლართების გავლებისა და ე.წ. „საზღვრის" აღმნიშვნელი ბანერების მოწყობის სახით.
მოლაპარაკებების ფარგლებში საქართველოს დელეგაცია კვლავ დააყენებს საკითხს რუსეთის მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულების აღების აუცილებლობის თაობაზე, ასევე, ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების ამუშავების საკითხზე. მეორე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განხილული იქნება ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებული საკითხები.
შეგახსენებთ, რომ ჟენევის მოლაპარაკებების 26-ე რაუნდში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს დელეგაცია შვეიცარიაში გუშინ გაემგზავრა.