აფხაზი სეპარატისტები გარდა თავდაუსხმელობის ხელშეკრულების გაფორმების ტრადიციული მოთხოვნისა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე კიდევ ერთ მნიშვნელოვან მოთხოვნას - საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან აფხაზეთის დეიზოლაციის საკითხს დააყენებენ.
განცხადება ამის შესახებ მოლაპარაკებების ამ რაუნდზე აფხაზური დელეგაციის ხელმძღვანელმა, აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ირაკლი ხინთბამ გააკეთა.
„გარდა დღის წესრიგში არსებული მუდმივი საკითხისა ძალია გამოუყენებლობის შესახებ, აფხაზეთის დელეგაცია აპირებს ჟენევის მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეების ყურადღება მიაქციოს აფხაზეთის საერთაშორისო საზოგადოებისგან გამოყოფის მცდელობებს.
ჩვენ ვაცნობებთ მათ ჩვენი მოქალაქეების ჰუმანიტარული და სხვა საყოველთაოდ აღიარებული უფლებების დარღვევის შესახებ, რომელიც არის საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან აფხაზეთის იზოლირების პოლიტიკის შედეგი", _ განაცხადა ხინთბამ ჟენევაში გამგზავრების წინ და აღნიშნა, რომ სეპარატისტებს სულ უფრო და უფრო უცრუვდებათ იმედი ჟენევის მოლაპარაკებებზე მიღწეული შეთანხმებების არც თუ ისე მაღალი მაჩვენებლის გამო.
„თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ მონაწილეობას და ველით, რომ მოლაპარაკებათა მონაწილეები ახალ მიდგომებს, მოქნილობას და პრაგმატულობას გამოიჩენენ", _ განაცხადა ხინთბამ.
შეგახსენებთ, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი 17-18 დეკემბერს გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები