თბილისის „დინამომ" იმ ტურნირში ითამაშა, სადაც სოხუმის „დინამო" აფხაზური დროშით წარსდგა. სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენი" საფეხბურთო კლუბის პრესსამსახურის ხელმძღვანელს, გიგა გვენცაძეს დაუკავშირდა იმის გასარკვევად თუ რატომ არ დატოვეს პროტესტის ნიშნად ტურნირი ქართველმა ფეხბურთელებმა.
საფეხბურთო კლუბის პრესსამსახურის უფროსმა ამ თემასთან დაკავშირებით კლუბის ოფიციალური პოზიცია დააფიქსირა:
„პატარა დინამოელები სანქტ-პეტერბურგში წავიდნენ მოსაგებად და კიევის და მოსკოვის დინამოელების დამარცხების შემდეგ მოიგეს ეს ტურნირი. რაც შეეხება სოხუმის დინამოს ჩვენი კლუბი აფხაზეთის სახელით მოასპარეზე სოხუმის დინამოსთან არასოდეს არსად არც უთამაშია და არც ითამაშებს. იმედია მოვა ის დრო როდესაც თბილისის დინამო და სოხუმის დინამო ერთად ითამაშებენ საქართველოს დროშის ქვეშ", _ განაცხადა გვენცაძემ „ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას და აღნიშნა:
„ჩვენ თუ მოგვიწევდა შეხვედრა სოხუმის დინამოსთან ჩვენ ამ შეხვედრას ბოიკოტის ნიშნად არ ვითამაშებდით".
შეგახსენებთ, რომ სანქტ-პეტერბურგში გამართული 13-წლამდე ფეხბურთელთა ტურნირი თბილისის "დინამოს" გამარჯვებით დასრულდა. დემენტიევის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი შეჯიბრის ფინალში დინამო თბილისმა კიევის დინამო 3:2 დაამარცხა.
როგორც ირკვევა ტურნირში სოხუმის "დინამოც" მონაწილეობდა და გახსნის ცერემონიაზე სოხუმის გუნდი აფხაზეთის დროშით წარსდგა. საფეხბურთო კლუბ "დინამო" თბილისში აცხადებენ რომ ორგანიზატორებისგან მათ ამ ფაქტის შესახებ არაფერი იცოდნენ და წინასწარ გამოგზავნილ პროგრამაში მონაწილე გუნდებს შორის სოხუმის ფეხბურთელთა გუნდი არ ყოფილა.