დისიდენტები ჯეროვნად რომ დაფასებულიყვნენ, ხალხის გარკვეულ ნაწილს რუსეთისადმი ნოსტალგია არ გაუჩნდებოდა, - აცხადებს გაზეთ "პრემიერისთვის" მიცემულ ინბტერვიუში პოეტი ლია ბედოშივილი. მისი თქმით, ძველი დისიდენტები ყველა მთავრობისთვის საშიშნი არიან და ასეთი ადამიანები დღეს არავის სჭირდება, რადგან ისინი იდეისთვის იბრძოდნენ.
"ძველი დისიდენტები, ვინც საბჭოთა კავშირი დაანგრია, დაგვივიწყეს, თითქოს გადაგვყარეს. მე არ ვამბობ, რომ ჩვენთვის რაიმე დივიდენდები უნდა ყოფილიყო. ეს სჭირდებოდა თავად სახელმწიფო პოლიტიკას. თუნდაც წინა ხელისუფლების დროს, დისიდენტები ჯეროვნად რომ დაფასებულიყვნენ, დღეს ჩვენი ხალხის გარკვეულ ნაწილს რუსეთისადმი ნოსტალგია არ გაუჩნდებოდა. ხაზი უნდა გასმოდა იმას, რა ხაფანგიდან გამოაღწია საქართველომ და რა იყო რუსეთი. ჩვენი და შემდგომი თაობები, რაღაცნაირად ინფორმირებულები უნდა ყოფილიყვნენ, რას ვებრძოდით, რას ვეომებოდით. ეს უყურადღებობა დღესაც გრძელდება. მე ვიცი ამის მიზეზი _ დისიდენტი ყველა მთავრობისთვის საშიშია. დისიდენტი უდრეკია, მას პლასტელინად ვერ აქცევ, თავს ვერ მოუქონავ და ვერ მიიმხრობ. ნებისმიერი მთავრობის ოპოზიცია დღეს ხელფასს იღებს. კარგად მახსოვს, წინა ხელისუფლების დროს ოპოზიცია მიტინგებს რომ მართავდა, გამოდიოდნენ მისი ლიდერები ვილებიდან "მერსედესებით", მიდიოდნენ ხალხივით ჩაცმულები, რომ ამ ხალხს დამსგავსებოდნენ, მერე კი უკან ბრუნდებოდნენ და ქურქებში ეხვეოდნენ. ჩვენ, დისიდენტები, საბჭოთა ეპოქაში წვალების, დამცირების მეტს არაფერს ვიღებდით, მაგრამ ჩვენ იდეისთვის ვიბრძოდით. ამიტომ არიან იმდროინდელი დისიდენტები ყველა მთავრობისთვის საშიშნი. ასეთი ადამიანები დღეს არავის სჭირდება", - აცხადებს ბედოშვილი.
მასალის გამოყენების პირობები