რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ჯერ კიდევ დარჩენილი ყველაფერი ქართულის განადგურება გრძელდება. ამჯერად აფხაზმა სეპარატისტებმა გალის რაიონის სოფლებსა და დასახლებულ პუნქტებს სახელები შეუცვალეს. აფხაზური მხარის ინფორმაციით დადგენილება ამის შესახებ ე.წ. აფხაზურმა პარლამენტმა მიიღო.
სეპარატისტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ სოფლებსა დასახლებულ პუნქტებს სახელწოდებები „ისტორიული მასალების გათვალისწინებით" შეეცვალათ.
ცვლილებების მიხედვით სოფელ - პირველ ოტობაიას ამიერიდან - ხაშთა ეწოდება, სოფელ მეორე ოტობაიას - ბგოურა, სოფელ ფიჩორს - ბჩარა, სოფელ დიხაზურგას - აბააკიტი, სოფელ ქვემო ბარღებს - ლადა-ბაგრიაპი, სოფელ მახუნჯარას - მახუიჯრა, სოფელ ნაბაკევს - ბათაიგუარა, სოფელ ჭუბურხინჯს - ხიაცხა, სოფელ ოქვინორეს - ციგტვარა, სოფელ ზემო ბარღებს - ვიადა-ბაგრიაპი.