არ უნდა დავუშვათ, რომ უკრაინის უახლესმა კონფლიქტმა გადაფაროს, გააფერმკრთალოს, ნაკლებად აქტუალური გახადოს და გარკვეულწილად, დღის წესრიგიდან ამოაგდოს საქართველოს საკითხი, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ორგანიზებით, თბილისში მიმდინარე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებისადმი მიმართვაში.
მისი თქმით, ეფექტიანი დიპლომატია მყარ და რაციონალურ საფუძვლებზე უნდა იყოს დამყარებული, რაც იმას ნიშნავს, რომ „უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად".
"მაშასადამე, ჩნდება საჭიროება, რომ ახალი ძალა მივცეთ ჟენევის ფორმატს, აღვადგინოთ მისი პოლიტიკური მასშტაბი და განზომილება, იმისათვის, რომ დავიწყოთ შინაარსობრივი დისკუსია - პოლიტიკურ ხასიათის დისკუსია მინისტრების და არა ექსპერტების დონეზე.
შესაბამისად, ჩნდება საჭიროება ჩვენმა პარტნიორებმა კვლავ დააყენონ საქართველოს საკითხი რუსეთთან ფორმალური და არაფორმალური დისკუსიებისას ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში და შეახსენონ მას აღებული ვალდებულებები, ასევე, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, კონკრეტულად კი, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე დეესკალაციის თაობაზე, რომელიც საშუალებას მისცემს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას სადამკვირვებლო საქმიანობა განახორციელოს მთელ ოკუპირებულ რეგიონებში. ამით უნდა დავიწყოთ!. შეგვიძლია განვიხილოთ დამატებითი ფორმატები. მაგალითად, რატომ არ შეიძლება ჰყავდეს აშშ-ს, ან ევროკავშირს წარმომადგენელი საქართველოსა კონფლიქტების საკითხებში, ისევე როგორც ესაა უკრაინის შემთხვევაში. ჩვენ უნდა მოვძებნოთ გზები ნაკლებად ფორმალური პლატფორმის შესაქმნელად, რათა აღვადგინოთ ნდობა და აუცილებელი სივრცე პროგრესისათვის", - თქვა ზურაბიშვილმა და აღნიშნა, რომ უნდა შეიქმნას დინამიკა და არ უნდა „დავუშვათ, რომ უკრაინის უახლესმა კონფლიქტმა გადაფაროს, გააფერმკრთალოს, ნაკლებად აქტუალური გახადოს და გარკვეულწილად, დღის წესრიგიდან ამოაგდოს საქართველოს საკითხი", - თქვა ზურაბიშვილმა.