აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 60,8 მილიარდი დოლარის ოდენობით უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფას მხარი დაუჭირა.
აშშ-ს კონგრესის ქვედა პალატის 311-მა კანონმდებელმა უკრაინის დახმარებას მხარი დაუჭირა, 112-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. რესპუბლიკელი კონგრესმენები ორად გაიყვნენ. 112-ივე კანონმდებელი, რომელმაც უარი თქვა მხარდაჭერაზე, რესპუბლიკელი იყო, თუმცა, ამავდროულად, დანარჩენმა 100-მა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა.
ამერიკელმა კანონმდებლებმა კენჭისყრის დასრულების შემდეგ უკრაინის დროშები ააფრიალეს.
95 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტიდან 61 მილიარდი განკუთვნილია უკრაინისთვის, დანარჩენი კი რეგიონული პარტნიორებისთვის.
პროცედურულად კანონპროექტი ახლა სენატმა უნდა მიიღოს, რის შემდეგადაც მას ხელი შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უნდა მოაწეროს.
მედიასთან საუბარში აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ საბრძოლო მასალის ნაწილი უკრაინას, შესაძლოა, ერთი კვირის ვადაში მიეწოდოს.