პოლიციელებზე თავდასხმა დაუშვებელია, - ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი პანკისში განვითარებულ მოვლენებს. მისი თქმით, რც ერთი ასეთი ტიპის შეტაკებების მოწყობა გამართლებული არ არის, რადგან ძალის გამოყენებაზე ექსკლუზივი აქვს სახელმწიფოს.
„პირველ რიგში, ძალიან სამწუხარო იყო ის ესკალაცია, რომელიც ვნახეთ. ამ საკითხს რამდენიმე მხარე აქვს. ერთი, რაც არის სრულიად ნათელი, არის ის რომ, პოლიციელებზე თავდასხმას ეს არის დაუშვებელი და არავისთვის, არც ერთი არგუმენტით ეს გამართლებული არ შეიძლება იყოს. ამაზე ძალიან ცხადი პოზიცია მაქვს და მეორე აზრი არ შეიძლება რომ არსებობდეს. რაც ჩვენ ვნახეთ, რაც ვიხილეთ - პოლიციელებზე თავდასხმა, განადგურება მათი ქონების, მათი ჯანმრთელობის დაზიანება, ეს არის ეს არის ყოვლად დაუშვებელი და ამას არც ერთი არგუმენტით არ შეიძლება გამართლება ჰქონდეს. ძალის გადამეტება არ ყოფილა თფიზიკურად იქ ყოფნა ძალის გადამეტება არ არის, ჩემი აზრით. მეორე არც ერთი ასეთი ტიპის შეტაკებების მოწყობა გამართლებული არ არის, რადგან ძალის გამოყენებაზე ექსკლუზივი აქვს სახელმწიფოს.
პანკისის ხეობაში ვითარება 21 აპრილს დილით დაიძაბა, მას შემდეგ, რაც ადგილზე ჰესის მშენებლობა დაიწყო, რასაც მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხეობაში სპეციალური დანიშნულების რაზმის შეიყვანა. ადგილობრივები და სპეცრაზმელები ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ.
სამართალდამცავებმა მოსახლეობის წინააღმდეგ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, მოსახლეობა კი მათ ქვებს ესროდა. ადგილობრივებმა პოლიციის 2 მანქანა და ის ტრაქტორი დაწვეს, რომელიც ჰესის მშენებლობაზე მუშაობდა.
შეტაკებების დროს დაშავდა 55 ადამიანი. მათ შორის 38 პოლიციელს და 17 მოქალაქეს. 23 პოლიციელი თელავის საავადმყოფოებში ამ დრომდე რჩება. ვითარება მას შემდეგ განიმუხტა, რაც ხეობაში შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ჩავიდა. გახარია ხეობის უხუცესებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. მინისტრმა განაცხადა, რომ ჰესი მხოლოდ მაშინ აშენდება, როცა მოსახლეობის 90 პროცენტი თანახმა იქნება.
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ დაშავებული პოლიციის თანამშრომლები მოინახულა და მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. გახარიამ განაცხადა, რომ თითოეული ადამიანი იქნება იდენტიფიცირებული და ყველა, ვინც გაბედა პოლიციელზე თავდასხმა, იქნება შესაბამისად დასჯილი.
დღის ბოლოს შსს-მ პანკისის ხეობაში პოლიციელებზე თავდასხმისა და პოლიციის ტექნიკის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.