ხაზარაძე ადამიანურად არ იმსახურებს თანაგრძნობას, ვინაიდან პირადად შეიტანა დიდი წვლილი იმაში, რომ ივანიშვილი თავზე მოჯდომოდა ქვეყანას. თუმცა,სამართლებრივად ეს საქმე ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, - საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „თიბისი ბანკის“ გარშემო მიმდინარე გამოძიებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
სააკაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილს მხოლოდ ერთი ინსტიქტი ამოძრავებს, რომ დარჩეს ქვეყანაში ერთადერთ მძარცველად.
„ივანიშვილს ამოძრავებს მხოლოდ ერთი ინსტიქტი - დარჩეს ქვეყანაში ერთადერთ მძარცველად და მევახშედ და თუ ეს გამოუვიდა, ძარცვის მასშტაბები მხოლოდ გაიზრდება. ამიტომ, ამ საქმეში, ჩვენ უნდა ვიყოთ სამართლის უზენაესობის მხარეს, რადგან სანამ ივანიშვილი არსებობს, სამართლის უზენაესობა მიუღწეველ ფანტაზიად რჩება. დიაგნოზი იგივეა რაც ადრე, დაავადების განსაკურნად სასწრაფოდ საჭიროა ამ პარაზიტის მოკვეთა,რითაც ყველანი ვიქნებით დაკავებული წელს”, - წერს საააკშვილი.
შეგახსენებთ, რომ გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 2018 წლის მაისში დაიწყო ,,თიბისი ბანკის“, მისი კლიენტი იურიდიული პირების, ბანკის ადმინისტრატორებისა და ცალკეული აქციონერების ფინანსური აქტივობების შესწავლა და მივიდა დასკვნამდე, რომ ამ აქტივობებში აშკარად იკვეთებოდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ანუ ფულის გათეთრებისა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ნიშნები.