,,რუსეთის ფედერაციასთან დადებული ხელშეკრულება აფხაზეთის სუვერენიტეტს არღვევს." -აცხადებენ ოპოზიციური პარტია ,,ამცახარას" წარმომადგენლები, რომელთაც მიაჩნიათ, რომ რუსეთთან მეგობრული ურთიერთობის გაგრძელება მხოლოდ თანაბარ პირობებში სურთ.
ამის შესახებ მათ სოხუმში გუშინ გამართულ მიტინგზე ილაპარაკეს.
,,ხელშეკრულების მიხედვით, აფხაზეთი რუსეთზე დამოკიდებული ხდება. ის რომ, ხელშეკრულების ვადა ათი წლით განისაზღვრა, ,,ამცახარას" დამსახურებაა. ვადების მითითება საკუთარ ხელისუფლებას მკაცრად სწორედ ჩვენ მოვთხოვეთ.
,,მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" შეთანხმება, რომელიც აფხაზ მოსახლეობას, ერთისმხრივ, ათასგვარ სიკეთეს ჰპირდება, მეორემხრივ მათთვისვე მრავალ საფრთხეს შეიცავს.
ფაქტობრივად, ამ დოკუმენტით რუსეთმა აფხაზეთი თავის შემადგენლობაში მოიქცია." - აცხადებდნენ აქციის მონაწილეები.
მიტინგის ორგანიზატორებმა დღის ბოლოს შეიმუშავეს რეზოლუცია, სადაც პრეზიდენტის და ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილება გამოთქვეს და ერთგვარი ულტიმატუმიც წამოაყენეს.
რეზოლუციის მიხედვით, თუ ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლება მიტინგზე მიღებულ გადაწყვეტილებებს და მოთხოვნებს არ შეასრულებს, პარტია ,,ამცახარა" უფლებას იტოვებს, მიმართოს მოსახლეობას და მათთან ერთად გადაწყვიტონ, მისცემენ თუ არა რესპუბლიკის პრეზიდენტსა და მთავრობას მომავალში ქვეყნის მართვის შესაძლებლობას.
შეგახსენებთ, გუშინ ოკუპირებული აფხაზეთის დედაქალაქში ორი აქცია ჩატარდა. ერთში რუსეთთან ხელშეკრულების დადების მომხრე აფხაზი მოსახლეობა მონაწილეობად, მეორე აქცია კი ამ ხელშეკრულების მოწინააღმდეგე აფხაზების თაოსნობით გაიმართა და მას ძირითადად, ,,ამცახარას" წევრები და მათი თანამოაზრეები ესწრებოდნენ.