საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ოძისში, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ, თამილა ლაფანაშვილმა და დემოსტრანტებმა საოკუპაციო ხაზთან ჰელიუმის ბუშტებზე დამაგრებული თეთრი ხალათი გაუშვეს ცაში.
"პატარა პერფორმანსი მოვიფიქრეთ ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა, ეს არის თეთრი ბუშტები, თეთრი ხალათი და მიმართვა ჩვენი ოსი ექიმებისადმი. მიმართვა ქართულად და ოსურად წერია. "ოსო ექიმებო, ერთად ვიზრუნოთ ჩვენს ავადმყოფებზე და მიეცით ამისი საშუალება ვაჟა ექიმს!" - განაცხადა დაკავებულის ცოლმა თამილა ლაფანაშვილმა.
აქციის მონაწილეები ვაჟა ექიმს სოლიდარობას უცხადებენ და მარიონეტული რეჟიმის მხრიდან საქართველოს უკანანოდ დაკავებული მოქალაქის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.
ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით, ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მარიონეტულმა რეჟიმმა 9 ნოემბერს დააკავა. ექიმი უკვე 37-ე დღეა, საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში იმყოფება.