ნებისმიერი ადამიანი, ვინც იყენებს ფორმულას – „ქართველ ხალხს მხარს უჭერს, მაგრამ მხარს არ უჭერს მის ხელისუფლებას“, პირველ რიგში, დემოკრატიას არ აღიარებს, ამიტომ ანტიდემოკრატია. შესაბამისად, კაია კალასის ეს განცხადება ანტიდემოკრატიულია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის კაია კალასის იმ განცხადებაზე, რომლის თანახმადაც: "საქართველოსთან დაკავშირებით გარკვეული სირთულეები გვაქვს, რადგან რეალურად არ გვაქვს კავშირი მთავრობასთან, ჩვენ არ გვსურს მთავრობის მხარდაჭერა, ჩვენ გვინდა მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს".
შალვა პაპუაშვილის თქმით, კაია კალასი პატივს არ სცემს საქართველოს სუვერენიტეტს, ქართველი ხალხის არჩევანს, რომ საკუთარი ხელისუფლება თავად აირჩიოს.
„კაია კალასი პატივს არ სცემს ქართველი ხალხის სუვერენიტეტს, რომ საკუთარი ხელისუფლება თავად აირჩიოს. ასეთ ადამიანს ქართველი ხალხი მიაჩნია უუნარო ბრბოდ, რომელსაც იმის უნარიც კი არ აქვს, საკუთარი ხელისუფლება თავად შეარჩიოს. დიახ, კაია კალასის ეს განცხადება პირდაპირ ნიშნავს, რომ კაია კალასს ქართველი ხალხი მივაჩნივართ უუნარო ბრბოდ, რომელსაც იმის უნარიც კი არ გვაქვს, ხელისუფლება თავად შევარჩიოთ და კაია კალასის მეურვეობა გვჭირდება. ესტონეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ხელით უნდა გვატაროს საქართველო, ის ამ დონეზე ხედავს ქართველი ხალხის სახელმწიფოებრიობას, რომ ხელით უნდა გვატაროს, ჭკუა გვასწავლოს და გვიკარნახოს, რა არის კარგი, რა – არა. ეს სირცხვილია. ეს ყველაზე სამარცხვინო განცხადებაა, რაც პირდაპირ ხაზს უსვამს, რამდენად აცდენილია კაია კალასი არათუ ევროპულ ღირებულებებს, არამედ წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს დემოკრატია. დიდი საფრთხეა, როცა ევროკავშირს საგარეო ურთიერთობაში წარმოადგენს ადამიანი, რომელსაც ანტიდემოკრატიული აზროვნება აქვს. სწორედ ამის გამოა, რომ მას ამერიკის სახელმწიფო მდივანი არც კი ხვდება და რაიმე საერთაშორისო მნიშვნელობის დიალოგში არ რთავენ. ბოლო პერიოდში დაგეგმილია რეფორმა და გადაკეთება ამ უწყების, რადგან კაია კალასის დიდი დამსახურებაა, რომ ევროკავშირს ასეთი თავქარიანი საგარეო პოლიტიკა აქვს. ეს არის სამარცხვინო განცხადება. ჩვენ ყოველთვის თავს ვიკავებთ რაიმე კრიტიკული კომენტარებისგან, მაგრამ ბრიუსელის ნებისმიერი წარმომადგენელის მხრიდან ქართველ ხალხზე იქნება თავდასხმა? ნებისმიერ ასეთ თავდასხმაზე იქნება ადეკვატური პასუხი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.