უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 13 ივლისს პარიზში ჩავიდა.
ამის შესახებ ჟურნალისტებს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა დმიტრო ლიტვინმა განუცხადა. იუწყება უკრაინული მედია.
უკრაინის პრეზიდენტი საფრანგეთის დედაქალაქში „მსურველთა კოალიციის“ ლიდერების შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა.
ზელენსკის განცხადებით, საფრანგეთში დაგეგმილი შეხვედრების მთავარი პრიორიტეტი უკრაინის სარაკეტო და საჰაერო თავდაცვის გაძლიერება იქნება.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე დააანონსა ლიდერების, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლებისა და იმ ქვეყნების თავდაცვითი კომპანიების წარმომადგენლების შეხვედრა, რომლებიც შესაძლოა უკრაინისთვის სარაკეტო თავდაცვის სისტემის შექმნაში ჩაერთონ.
პარიზში ვიზიტის ფარგლებში ზელენსკი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსაც შეხვდება.
მედიის ინფორმაციით, შეხვედრაში სულ მცირე 25 ქვეყნის სახელმწიფო ან მთავრობის მეთაური მიიღებს მონაწილეობას. ისინი უკრაინის მხარდაჭერის საკითხებს განიხილავენ.
„მსურველთა კოალიციის“ ლიდერები განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებენ საჰაერო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე, მათ შორის აშშ-ის მიერ ახლახან გამოცხადებულ გეგმებზე, რომლებიც უკრაინაში Patriot-ის სისტემების წარმოების ლიცენზიებს უკავშირდება. ასევე განიხილება სარაკეტო თავდაცვის ერთიანი სისტემის შექმნის საკითხი.
გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ ზელენსკი სამშაბათს დაესწრება ბასტილიის აღების დღისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმს, რომელშიც უკრაინელი სამხედროებიც მიიღებენ მონაწილეობას.