დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელ პირებს სანქციები დაუწესეს.
ბრიტანეთი და ევროკავშირი რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სადაზვერვო სააგენტო ციფრულ თავდასხმებში მონაწილეობაში დაადანაშაულეს.
„ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები გმობენ რუსეთის მავნე კიბერქმედებებს და იმ კიბერეკოსისტემის გამოყენებას, რომელიც აერთიანებს როგორც სახელმწიფო, ისე არასახელმწიფო სტრუქტურებს, დაზვერვის სამსახურებიდან დაწყებული, კიბერდამნაშავეთა ჯგუფებით, ჰაკტივისტებითა და კერძო კომპანიებით დასრულებული“, – ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.
გაერთიანებული სამეფოს მთავრობის განცხადებით, სანქციების „სამიზნეა რუსეთის სახელმწიფოს მიერ ევროპაში ქაოსისა და განხეთქილების დათესვის მუდმივი და დაუფიქრებელი მცდელობები“.
დასანქცირებულ პირებს შორისაა რუსეთის სამხედრო დაზვერვის მაღალი რანგის ხელმძღვანელი პირები - ვიაჩესლავ სტაფეევი, ივან სენინი და ივან კასიანენკო, მათ მიერ სამხედრო დაზვერვის კიბერ და ჰიბრიდული საფრთხეების ოპერაციების ხელმძღვანელობის გამო.
განცხადების თანახმად, 2010 წლიდან რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მე-16 ცენტრი საფრანგეთში სტრატეგიული მნიშვნელობის სახელმწიფო უწყებების წინააღმდეგ კიბერჯაშუშობით იყო დაკავებული, ხოლო 2025 წლიდან ამავე საქმიანობას ახორციელებდა თავდაცვითი მრეწველობის წინააღმდეგ. გერმანიაში ცენტრის სამიზნე სახელმწიფო ინსტიტუტები იყო, ხოლო პოლონეთში კრიტიკული ინფრასტრუქტურა, მათ შორის თბოელექტროსადგურები.
„ეს სანქციები დაარტყამს კიბერდამნაშავეთა იმ ქსელების ბირთვს, რომლებიც რუსეთის სახელმწიფო აგრესიას უწყობენ ხელს. გაერთიანებული სამეფო და ევროკავშირი მკაფიო სიგნალს უგზავნიან მოსკოვს, რომ ის ვეღარ შეძლებს მსგავსი შუამავალი ჯგუფების გამოყენებით პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას“,- განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ივეტ კუპერმა.