„რუსთავი 2“-ის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალი კომპანიის მძიმე ფინანსურ მდგომარეობაზე ამახვილებს ყურადღებას. მისი განმარტებით, ამ დროისათვის ფინანსების მოძიების პროცესი მიმდინარეობს, ვინაიდან კომპანიის ანგარიშზე თანხები ფაქტობრივად არ არის და არსებული თანხა ყველაზე დაბალ ანაზღაურებადი თანამშრომლების ხელფასისთვისაც არ არის საკმარისი.
„არ დავადასტურებ, რომ ქიბარ ხალვაში არ აპირებს ტელევიზიაში ფულის ჩადებას. ვეძებთ ყველანაირ გზას, მოხდეს თანამშრომლებისთვის ხელფასების დროულად გაცემა. შეიძლება ერთი-ორი დღით დაგვიანდეს ტექნიკური მიზეზების გამო. მდგომარეობა ძალიან სავალალო დაგვხვდა ამ კუთხით. ერთი ყველაზე დაბალხელფასიანი თანამშრომლის ხელფასსაც ვერ დაფარავს ის ფული, რაც დატოვა წინა მენეჯმენტმა“, – განაცხადა პაატა სალიამ.