გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ევროპელ მოკავშირეებს უფრო აქტიურად დაუჭირონ მხარი უკრაინას, მათ შორის ქვეყნის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში. „მნიშვნელოვანია, რომ გავაგრძელოთ იმის გაკეთება, რაც საჭიროა“, - განაცხადა შოლცმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან ბერლინში გამართულ შეხვედრაზე.
შოლცი მიესალმა აშშ-ის გადაწყვეტილებას უკრაინისთვის მრავალმილიარდიანი დახმარების მიწოდების შესახებ. მან ასევე აღნიშნა კიევისთვის გერმანიის მთავრობის მიერ ცოტა ხნის წინ გამოცხადებული გადაწყვეტილება საზენიტო-სარაკეტო სისტემა Patriot -ის სისტემის გადაცემის შესახებ.
„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ვთხოვო ჩვენს ევროპელ მეგობრებს, კიდევ ერთხელ გადახედონ თავიანთ მარაგებს, რათა ნახონ, შეუძლიათ თუ არა რაიმე გააკეთონ ამ მხრივ უკრაინის საჰაერო თავდაცვის მხარდასაჭერად“, - თქვა შოლცმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა იცავს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას, რომელსაც რუსეთი საფრთხეს უქმნის თავისი აგრესიული ომით. "ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას მანამდე, ვიდრე საჭირო იქნება", - თქვა კანცლერმა.
სტოლტენბერგმა გერმანიის მიერ უკრაინისთვის Patriot-ისკიდევ ერთი სისტემის გადაცემას უწოდა „მაგალითი, რომელსაც სხვა მოკავშირეებმა უნდა მიბაძონ“.
მან აღნიშნა, რომ უკრაინას რუსული თავდასხმებისგან თავდასაცავად Patriot-ის ტიპისშვიდი ახალი საჰაერო თავდაცვის სისტემა სჭირდება.