ისრაელის პოლიტიკის გასაპროტესტებლად ამსტერდამში, ლოზუნგით „წითელი ხაზი“, 200 000-ზე მეტი ადამიანი გამოვიდა.
მედიის ცნობით, დემონსტრაციაში სულ მცირე 200 000 ადამიანი მონაწილეობდა.
პოლიციის ინფორმაციით, ლოზუნგით „წითელი ხაზი“ გამართული აქცია სერიოზული ინციდენტების გარეშე დასრულდა.
ამასთან, ტელეკომპანია AT5-ის ცნობით, პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ხელკეტები გამოიყენა. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც სამართალდამცველები ავტობუსის გაჩერებაზე მდგომი მამაკაცის დაკავებას ცდილობდნენ. ის ადგილის დატოვებაზე უარს ამბობდა. დაპირისპირებაში გამვლელებიც ჩაერთნენ. საბოლოოდ მამაკაცი დააკავეს.
დემონსტრანტების დიდი ნაწილი წითელ ტანსაცმელში იყო გამოწყობილი და წითელ და პალესტინის დროშებს აფრიალებდა. აქციაზე ასევე ჰქონდათ პლაკატები და ბანერები წარწერებით: „სიონიზმი რასიზმია“, „ნიდერლანდები აპარტეიდს არ უჭერს მხარს“ და „თავისუფლება პალესტინას“.
ასევე, აღნიშნულია, რომ ქალაქის ერთ-ერთი ქუჩის გასწვრივ ადამიანთა ჯგუფი იდგა ბანერებით, სხვადასხვა წარწერით, მათ შორის: „ჩვენ მხარს ვუჭერთ ჰამასს“.