კიევის საქალაქო ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ კიევის ორი საავადმყოფოს სასწრაფო ევაკუაცია მიმდინარეობს, რომელთაგან ერთ-ერთი ბავშვთა საავადმყოფოა. ევაკუაციის გადაწყვეტილება რუსეთის მიერ სამედიცინო დაწესებულებებზე შესაძლო დარტყმებს უკავშირდება, რომელიც კიევში ბელარუსის უშიშროების ხელმძღვანელის განცხადებების შემდეგ მიიღეს.
„ქალაქის ხელმძღვანელობა სასწრაფოდ იწყებს ორი საავადმყოფოს ევაკუაციას, რომელთაგან ერთი არის ბავშვთა საავადმყოფო, რომელიც მდებარეობს ბოგატირსკაიას ქუჩაზე.
ონლაინ-მედიაში ფართოდ ვრცელდება ვიდეო, სადაც ფაქტობრივად დაანონსებულია მტრის თავდასხმა ამ სამედიცინო დაწესებულებებზე და ინფორმაცია, რომ თითქოს ამ საავადმყოფოებში სამხედროები არიან.
ეს არის აბსოლუტური ტყუილი და მტრის პროვოკაცია, რომლის გამოყენებასაც ცდილობს დედაქალაქის სოციალურ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის.
ბავშვების, მათი მშობლებისა და სამედიცინო პერსონალის დასაცავად, დედაქალაქის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პაციენტები და ექიმები დედაქალაქის სხვა სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანონ, - ნათქვამია განცხადებაში.
25 აპრილს ბელარუსში გაიმართა "VII სრულიად ბელარუსის სახალხო კრება", სადაც ქვეყნის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკა და მისი მთავრობის წარმომადგენლები სიტყვით გამოვიდნენ.
კერძოდ, ბელარუსის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა ივან ტერტელმა განაცხადა, რომ კიევში საავადმყოფოებში ბოგატირსკაიას ქუჩაზე "ტერორისტები იმალებიან. ტერტელის თქმით, ისინი იმოქმედებენ "ომის კანონების მიხედვით - მტკიცედ და უყოყმანოდ".