დიმიტრი ყიფიანი 1814 წლის 14 აპრილს (ძველი სტილით) გორის სოფელ მერეთში დაიბადა. მისი მამა იყო სააბაშოდან ქართლში გადასული აზნაური ქოჩო (ივანე) ყიფიანი, ხოლო დედა - ბარბარე ფურცელაძე.
დიმიტრი ყიფიანის დაბადებიდან 210 წლის იუბილის აღსანიშნავად ეროვნული არქივის ვებგვერდზე მულტიმედიური გვერდი შეიქმნა.
ქოჩოს და ბარბარეს ოთხი ვაჟი და ორი ქალიშვილი ჰყავდათ, დიმიტრი მათ შორის ყველაზე უმცროსი იყო. დიმიტრი 2 ან 3 წლის იყო, როდესაც მამა გარდაეცვალა, ხოლო 7-8 წლისას დედაც აღარ ჰყავდა.
მშობლების გარდაცვალების შემდეგ და-ძმებს დიმიტრიზე 20 წლით უფროსმა ძმამ, ქაიხოსრომ, უპატრონა.
"მამაჩემს კარგად ახსოვდა დედა, ბარბარე ფურცელაძის ქალი: წყნარი, მშვიდობიანი, დამჯდარი ხასიათის პატრონი, ჭკვიანი და ყოველგან დიდად პატივცემული", - წერს დიმიტრი ყიფიანის ვაჟი ნიკოლოზი და დასძენს: "ქაიხოსრომ გაუწია თავის ძმას, ობლად დარჩენილ დიმიტრის, მამობაცა და დედობაც და უკანასკნელ დღემდინ მათ შორის ერთგული ძმობა და ნამდვილი მეგობრობა არ დარღვეულა".
წყარო: ნიკოლოზ ყიფიანი "დიმიტრი ყიფიანის ცხოვრება". თბილისი 1892 წელი.
1821-1822 წლებში დიმიტრი ყიფიანი ძმამ ჯერ თბილისის სასულიერო სემინარიაში, ხოლო ერთი წლის შემდეგ „თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში“ (1830 წლიდან „თბილისის ვაჟთა გიმნაზია“) მიაბარა.
„როგორც სასულიერო სემინარიაში, აგრეთვე კეთილშობილთა სასწავლებელშიაც ერთს ადგნენ: ანიდან ბანამდე უაზროთ გაზეპირებას და რაიმე დანაშაულისათვის კი ხელისგულზე სახაზავით ცემას. ეს იყო და ეს მაშინდელი პედაგოგიური სიბრძნე“, - წერს დიმიტრი ყიფიანი თავის მემუარებში. სწავლის დასრულების შემდეგ, 1831 წლიდან, მან გიმნაზიაში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. მანამდე სხვა სამსახურში მიღებაზე უარი აზნაურობის დამამტკიცებელი საბუთის უქონლობის გამო უთხრეს.
„კეთილშობილთა სასწავლებელი გიმნაზიად გადააკეთეს და რადგან მასწავლებლები ძალიან ცოტა იყო, ერთ-ერთი მათგანის ადგილი მე შემომთავაზეს. აზნაურობის დამტკიცებას აქ არ თხოულობდნენ...სამსახურში მიმიწვიეს და დასამტკიცებლად წარმადგინეს. მმართველობამ უპასუხა, რომ თექვსმეტის წლის ყრმას გიმნაზიაში მასწავლებლობა არ შეუძლიაო. დავრჩი ისევ გარედ. მაგრამ აქ გიმნაზიის მმართველებმა სხვა გზით შემომატარეს, სადაც თურმე დამტკიცებული იყო, რომ მე უკვე ოცი წლისა ვარ, თუმცა ნამდვილად კი მხოლოდ თექვსმეტისა ვიყავი. დამამტკიცეს მასწავლებლად“.
სწორედ ამით აიხსნება დიმიტრი ყიფიანის ბიოგრაფიაში დამკვიდრებული დაბადების ორი თარიღი - 1811 და 1814 წლები.
წყარო: დიმიტრი ყიფიანი, "მემუარები", თბილისი 1930 წელი
დიმიტრი ყიფიანი 1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობის გამო დააპატიმრეს. მეტეხის ციხეში ყოფნისას მან დრო უქმად არ დაკარგა, ფრანგული წიგნები მოითხოვა და ეს ენა საფუძვლიანად შეისწავლა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით ის ვოლოგდაში გადაასახლეს. აქ გუბერნატორის კანცელარიაში დაიწყო მუშაობა და პატივისცემაც დაიმსახურა. სწორედ გუბერნატორის წყალობით დროზე ადრე მოახერხა და 1837 წელს საქართველოში დაბრუნდა.
1845 წელს ცოლად შეირთო ნინო ჭილაშვილი. მათ ორი ვაჟი და ერთი ქალიშვილი შეეძინათ - ნიკოლოზი, კონსტანტინე და ელენე.
თბილისში დაბრუნების შემდეგ, 1864 წლამდე, დიმიტრი ყიფიანი მთავარმართებლის კანცელარიაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. 1859-1867 წლებში სამეგრელოს მთავრის ქონება-მამულის მეურვე იყო. 1864-1870 წლებში - თბილისის გუბერნიის, ხოლო 1885-1886 ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლის პოსტი ეკავა. 1876-1879 წლებში იყო თბილისის ქალაქის თავი.
თბილისში პირველი ბიბლიოთეკა დიმიტრი ყიფიანის ინიციატივით გაიხსნა და 1840-1848 წლებში მისივე სახლში იყო მოწყობილი. ყიფიანმა ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი 1848 წელს საქართველოს დედაქალაქში დაარსებულ საჯარო ბიბლიოთეკას გადასცა.
დიმიტრი ყიფიანი თავისუფლად ფლობდა ფრანგულ, რუსულ, ინგლისურ ენებს. 1841 წელს მან თარგმნა შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“, ხოლო მოგვიანებით შექსპირის სხვა ნაწარმოებები. 1857-იდან თანამშრომლობდა „ცისკარში“. აქვე დაიბეჭდა ოქტავ ფელიეს, მოლიერის, პიერ ბომარშესა და სხვების თხზულებათა თარგმანები. წერდა საისტორიო ჟანრის თხზულებებსაც.
ფოტოზე: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პირველი ყრილობის ოქმი
სახელმწიფო სამსახურთან ერთად, დიმიტრი ყიფიანი აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში, იგი იყო ერთ-ერთი ინიციატორი თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის, "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა" და "ქართული დრამატული საზოგადოების" დაარსებისა.
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შექმნის იდეა 1870-იანი წლების დასაწყისში გაჩნდა. საზოგადოების გამგეობის პირველი ყრილობა 1879 წლის 15 მაისს შედგა. ამ სხდომაზე აირჩიეს თავმჯდომარის ამხანაგი (მოადგილე), ხაზინდარი და სეკრეტარი (მდივანი).
"დაწესებას" ხელს აწერს საზოგადოების თავმჯდომარე დიმიტრი ყიფიანი და გამგეობის წევრები: ილია ჭავჭავაძე, იაკობ გოგებაშვილი, ივანე მაჩაბელი, ნიკო ცხვედაძე და რაფიელ ერისთავი.
მოსაწვევი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე.
კრება 1879 წლის 15 მაისს, 11:00 საათზე, თბილისის სათავადაზნაურო ბანკში შედგა, მოიწვიეს ყველა, ვინც საზოგადოების დაარსებაში მონაწილეობდა.
მოსაწვევს ხელს აწერენ დიმიტრი ყიფიანი და ილია ჭავჭავაძე.
დიმიტრი ყიფიანის პუბლიცისტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ეროვნულ საკითხებს.
1881 წლის ამონარიდი სტატიიდან "ნაციონალური ჰიპნოტიზმისა და პოლიტიკური ჰალუცინაციების სამყარო". დიმიტრი ყიფიანმა ამ სტატიით პასუხი გასცა პირველდაწყებით სკოლაში ქართულ ენაზე სწავლების უარყოფის შესახებ კირილე იანოვსკის მოსაზრებებს.
"[ქართული] ენა გრამატიკული ფორმების მრავალფეროვნებითა და არაჩვეულებრივი მოქნილობით გამოირჩევა. ქართულში ყველა ბგერა საკუთრივ თავისი ასონიშნით გამოიხატება და, ამ მხრივ, ჩვენი ანბანი ითვლება ყველაზე სრულყოფილ და მარტივ ანბანად ანბანთა შორის. ერთიცა და მეორეც ერთობლიობაში განსაზღვრავს ქართული ენის კიდევ ერთ შესანიშნავ თვისებას - მის უჩვეულო სიცოცხლისუნარიანობას. ხალხი დღესაც თითქმის იმ ენით ლაპარაკობს, რა ენითაც X ან XI საუკუნეში ლაპარაკობდნენ.
დაახლოებით 200 წლის წინ ქართველები კახეთიდან სპარსეთის სიღრმეში გადაასახლეს, დასავლეთ საქართველოს მცხოვრებნი დაახლოებით 300 წლის წინ მოსწყდნენ მეტროპოლიას; ამათაც და იმათაც გაწყვეტილი ჰქონდათ ყოველგვარი კავშირი საქართველოსთან, მაგრამ ენა ყველგან ერთი და იგივეა, დამწერლობა ყველგან ერთი და იგივეა.
ამ ენის დათრგუნვის მცდელობა, საეჭვოა, ვინმეს კაცობრიობისა და მისი ისტორიის წინაშე დამსახურებად ჩაეთვალოს".
12 თებერვალი. 1881 წელი, ქუთაისი
წყარო: "პუბლიცისტიკა, ლიტერატურული წერილები, საისტორიო თხზულებები“, დიმიტრი ყიფიანი, თხზულებანი 10 ტომად, ტომი მე-2.
წერილი ჩუდეცკისადმი
1886 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორის ჩუდეცკის მკვლელობასთან დაკავშირებით საქართველოს ეგზარქოსმა პავლემ (ლებედევი) ქართველი ერი დაწყევლა. ამ ფაქტით აღშფოთებულმა დიმიტრი ყიფიანმა მას წერილი მიწერა და ეგზარქოსს საქართველოს დატოვება მოსთხოვა. ამის გამო ყიფიანი თანამდებობიდან გადააყენეს და იმავე წელს სტავროპოლში გადაასახლეს.
დიმიტრი ყიფიანის წერილი ეგზარქოს პავლეს თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორს - პავლე ჩუდეცკის მკვლელობასთან დაკავშირებით:
"თქვენო მაღალყოვლადსამღვდელოებავ! მიიღეთ ჩემზე მწყემსმთავრული მოწყალება და თუ გატაცებული ხმებით ვცოდავ, შემინდეთ შეცოდება, მაგრამ ეს ხმები ამობენ, რომ თქვენ დასწყევლეთ ის ქვეყანა, რომელშიაც, სამწუხაროდ, ხართ მოწოდებული და რომელიც ამიტომ მარტოოდენ სიყვარულსა და მოწყალებას მოელოდა თქვენგან, როგორც ქრისტეს პირველმსახურისა და წარმომადგენლისაგან. იგივე ხმა, არ კმაყოფილდება რა თქვენი ღირსების ამგვარი შეურაცხყოფით, იმასაც ამობს, ვითომ თქვენ განზარხვა გქონდეთ ბოდიში მოიხადოთ სამწყსოს წინაშე იმ უუცოდვილეს სიტყვების გამო, რომელნიც თქვენ წარმოგითქვამთ: თუ ყოველივე ეს, მეუფეო, მართალია, თქვენი ხარისხის ღირსების გადარჩენა მხოლოდ იმით შეიძლება, რომ შეურაცხმყოფელი დაუყოვნებლივ გავიდეს შეურაცხყოფილ ქვეყნიდან. ამას მოგახსენებთ თქვენ წმინდა გულით და წრფელის სურვილით თავიდან ააცილოს ქვეყანას ახალი დიდი შეცოდება თქვენი სამწყსოს ერთი წევრი. ხოლო თუ ყოველივე ეს მართალი არ არის, შემინდეთ მე და მიიღეთ ჩემზე თქვენი მწყემსმთავრული ლოცვა-კურთხევა. თქვენი მეუფების [...]".
1886 წელი, 1 ივნისი
დოკუმენტი დაცულია ეროვნულ არქივში, ქუთაისის ცენტრალური არქივის ფონდებში.
საქართველოს ეროვნული არქივის ინახავს ნინო ჭილაშვილი-ყიფიანის 1887 წლის 8 სექტემბრის წერილს რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მესამისადმი, რომლითაც ის თავისი მეუღლის, დიმიტრი ყიფიანის შეწყალებას და მისთვის სამშობლოში დაბრუნების უფლების მიცემას ითხოდა.
ეს თხოვნა შეუწყნარებელი დარჩა.
1887 წლის 24 ოქტომბერს დიმიტრი ყიფიანი სტავროპოლში, თავის საცხოვრებელში მოკლეს.
გაზეთი "ივერია", 1887 წლის 29 ოქტომბერი. ცნობა დიმიტრი ყიფიანის მკვლელობის შესახებ