ხვალ, 1-ელ იანვარს ევროკავშირის ოფიციალური ვალუტა - ევრო 20 წლის გახდება.
ევრო (სიმბოლო: €; საბანკო კოდი: EUR) — ევროპის კავშირის ოფიციალური ვალუტა და ერთადერთი ფულადი ერთეული 300 მილიონზე მეტი ევროპელისთვის ევროგაერთიანების შემდეგ - ავსტრია, ბელგია, გერმანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ირლანდია, კვიპროსი, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ფინეთი და ჰოლანდია, რომელსაც კოლექტიურად ევროზონასაც უწოდებენ. ორმხრივი შეთანხმებების შედეგად ევრო ასევე ოფიციალური ვალუტაა შემდეგი არა-წევრი ქვეყნებისთვის: მონაკო, სან-მარინო და ვატიკანი. ევრო დე-ფაქტო ვალუტაა ანდორაში, კოსოვოსა და მონტენეგროში.
ევროს გამოყენებაზე თავიდანვე უარი განაცხადა დიდმა ბრიტანეთმა, სადაც ფულად მიმოქცევაში ბრიტანული ფუნტი გამოიყენება.
ევრო მსოფლიო სავაჭრო ბაზრებზე როგორც სააღრიცხვო ვალუტა შემოვიდა 1999 წელს, ფიზიკური ბანკნოტები და მონეტები კი შემოღებულ იქნა 2002 წელს. ევროგაერთიანების ყველა ქვეყანას აქვს უფლება შეუერთდეს ევროზონას იმ შემთხვევაში თუ ისინი პასუხობენ გარკვეულ მონეტარულ მოთხოვნებს, ევროს გამოყენება ვალდებულებაა ევროკავშირის ყველა ახალი წევრისთვისაც.
ევროს მართავს და ადმინისტრირებას უწევს ფრანკფურტში მდებარე ევროპის ცენტრალური ბანკი და ევროპის ცენტრალურ ბანკთა სისტემა (რომელშიც წევრ ქვეყანათა ცენტრალური ბანკები შედის). როგორც დამოუკიდებელი ცენტრალური ბანკი, ევროპის ცენტრალურ ბანკს ერთპიროვნული უფლება აქვს მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრისა. ის მონაწილეობს ბანკნოტების ბეჭდვაში, მონეტების ჩამოსხმასა და მათ სისტემაში გავრცელებაში ყველა წევრ ქვეყანაში, ისევე როგორც ევროზონის საგადამხდელო სისტემის ფუნქციონირებაში.