უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, კიევზე რუსეთმა ჩრდილოკორეული წარმოების ბალისტიკური რაკეტით მიიტანა იერიში.
„წინასწარი ინფორმაციით, რუსებმა ჩრდილოეთ კორეის მიერ წარმოებული ბალისტიკური რაკეტა გამოიყენეს. ჩვენი სპეცსამსახურები ამოწმებენ ყველა დეტალს. თუ ჩრდილოეთ კორეაში ამ რაკეტის წარმოების შესახებ ინფორმაცია დადასტურდება, ეს გახდება რუსეთისა და ფხენიანის დანაშაულებრივი ალიანსის კიდევ ერთი მტკიცებულება.
ერთად ადამიანებს კლავენ და სიცოცხლეს დასცინიან – ეს არის მათი თანამშრომლობის ერთადერთი აზრი. რუსეთი მუდმივად იყენებს ასეთ იარაღს - რაკეტებს, არტილერიას. ფხენიანმა კი მოიპოვა შესაძლებლობა, თავისი იარაღი უფრო სასიკვდილო გახადოს რეალურ საომარ პირობებში“, - წერს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კიევში რუსული სარაკეტო დარტყმის ნანგრევების გაწმენდა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
მან ასევე განაცხადა, რომ მხოლოდ ხუთშაბათს რუსეთის არმიამ უკრაინელების წინააღმდეგ გამოიყენა 200-ზე რაკეტა და თავდასხმის დრონი. ბოლო მონაცემებით, დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიანი, დაიღუპა 12 ადამიანი.
„ჩვენ გვჭირდება რეალური ზეწოლა რუსეთზე, რომ ეს შეჩერდეს. ამ ომის შესაჩერებლად საერთაშორისო დიპლომატიური ძალისხმევის დროსაც კი, რუსეთი აგრძელებს მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას. ეს ნიშნავს, რომ პუტინს არ ეშინია. საჭიროა დარტყმების სრული და უპირობო შეწყვეტა და ამას რუსეთი უნდა დაეთანხმოს. ეს ომი სამართლიანად უნდა დასრულდეს. და ჩვენი ხალხის უსაფრთხოების გარანტიისთვის, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი საჰაერო ფარი,” - განაცხადა ზელენსკიმ.