რასაც მე „ფეისბუქზე მემუქრებიან“, ყოველ ჯერზე ბრიფინგი რომ გავმართო, ცოტა უხერხული იქნება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილი „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ ბრიფინგთან დაკავშრებით განაცხადა.
მისი თქმით, „ფეისბუქზე“ თავდასხმის ობიექტი სამწუხაროდ, ყველა საჯარო პირია.
მისივე თქმით, იმას, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა, შესაბამისი დასაბუთება სჭირდება.
„არ ვიცი, წარმოადგინოს შესაბამისი საბუთები, მაგრამ „ფეისბუქზე“ თავდასხმებისა და ძალიან უხეში თავდასხმების მსხვერპლნი ჩვენც ვართ“, – განაცხადა სამადაშვილმა.
"ქართული ოცნების" მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მას და მის შვილებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან. მისივე თქმით, ბოლო დღეებში, კერძოდ, 9, 10 და 11 ნოემბერს მისი და მისი შვილების მისამართით განხორციელდა ესემეს და ხმოვანი შეტყობინებები, სადაც მისივე თქმით, ნათლადაა გამოთქმული სიცოცხლის მოსპობის მუქარა.