თარიღი    დრო

„გამჭვირვალობამ“ რეფორმების საჭიროებაზე ხელისუფლებას კონკრეტული რეკომენდაციები წარუდგინა

საქართველო, თბილისი - 17:03 11.09.2018 103

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ რეფორმების საჭიროებაზე ხელისუფლებას კონკრეტული რეკომენდაციები წარუდგინა.

როგორც ორგანიზაციაში მიიჩნევენ, ბოლო თვეების მოვლენებმა ცხადად წარმოაჩინეს საქართველოში არსებული მმართველობის ის სისტემური პრობლემები, რომელთა შესახებ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები მუდმივად წერდნენ და საუბრობდნენ. მათი თქმით, ხელისუფლების მიერ წლების განმავლობაში ამ პრობლემების იგნორირებამ შექმნა მდგომარეობა, როდესაც საფრთხე ექმნება სახელმწიფოში კანონის უზენაესობას და საკვანძო ინსტიტუტების ფუნქციონირებას კონსტიტუციისა და საჯარო ინტერესების შესაბამისად. მათივე თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ აღნიშნული პრობლემების აღიარება არაპირდაპირ ხელისუფლების წარმომადგენლებსაც მოუწიათ, დღეს ისინი გამოთქვამენ მზადყოფნას, გადადგან ქმედითი ნაბიჯები საზოგადოების ნდობის აღდგენის მიზნით.

"ვფიქრობთ, არსებული კრიზისის დასაძლევად აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ წამოიწყოს რეფორმები.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევებსა და დაკვირვებებზე დაყრდნობით წარმოგიდგენთ კონკრეტულ რეკომენდაციებს რეფორმების თაობაზე:

· საქართველოს პრემიერ მინისტრთან შეიქმნას რეფორმების დაგეგმვისა და კოორდინაციის ჯგუფი აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების, პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და ექსპერტების მონაწილეობით;

· 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის აუცილებელია შერეული სისტემიდან სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა; პოლიტიკური პარტიების დაფინანსების სისტემის შეცვლა, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის და საარჩევნო კოდექსის თანამედროვე გამოწვევების შესაბამისად რეფორმირება;

· ჩატარდეს სასამართლო სისტემის რეალური რეფორმა ინდივიდუალური მოსამართლეების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისა და მმართველობის დაბალანსებული სისტემის შესაქმნელად (იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საკანონდებლო რეგულირება, მოსამართლეების დანიშვნის წესის დახვეწა, სასამართლოს თავმჯდომარეების თავად მოსამართლეების მიერ არჩევითობის შემოღება და სხვა);

· ხელისუფლებამ უნდა გამოავლინოს პოლიტიკური ნება სასამართლოში კლანური მმართველობის წინააღმდეგ და შეწყვიტოს მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის (ჩინჩალაძე, მურუსიძე, ფხაკაძე, კაპანაძე და სხვა) მხარდაჭერა და აღარ გამოიყენოს ისინი პოლიტიკური ინტერესების გასატარებლად. ასევე, დროულად და ეფექტიანად გამოიძიოს სასამართლო სისტემაში კორუფციის ყველა სავარაუდო შემთხვევა;

· კორუფციის (განსაკუთრებით მაღალი დონის კორუფციის) შესაძლო შემთხვევების მიუკერძოებელი გამოძიების მიზნით, ხელისუფლებამ განიხილოს დამოუკიდებელი ანტიკორუფციული უწყების შექმნის შესაძლებლობა;

· ჩატარდეს სამართალდამცავი და უსაფრთხოების ინსტიტუტების რეფორმა და მოხდეს მათი დეპოლიტიზაცია:

· უსაფრთხოების სამსახურის ფუნქციებს გამოეყოს გამოძიების და განსაკუთრებით, კორუფციული დანაშაულის გამოძიების უფლებამოსილება, ასევე ფარული მოსმენების სისტემა და ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელ უწყებად

· პროკურატურის მიმართულებით, შეიცვალოს მთავარი პროკურორის დანიშვნის წესი, დაიწყოს საგამოძიებო სისტემის რეფორმა

· შეიქმნას პროკურატურისგან რეალურად დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც შეძლებს სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაულების ეფექტიან გამოძიებას

· მოხდეს გახმაურებული საქმეების დროული და ეფექტიანი გამოძიება - ხორავას ქუჩის, გენერალური აუდიტორ ლაშა თორდიაზე თავდასხმის, ე.წ. "ომეგას" საქმიდან გამოკვეთილი სავარაუდო კორუფციული დანაშაულის, პირადი ჩანაწერების შეგროვების და გავრცელების საქმე და ა.შ.

· გაძლიერდეს პარლამენტის როლი, საზედამხედველო ფუნქცია და აღმასრულებელ ხელისუფლებაზე პრაქტიკაში განხორციელდეს ეფექტიანი კონტროლი (საპარლამენტო ოპოზიციისთვის გარკვეული კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციის დათმობა, საპარლამენტო ზედამხედველობაში ოპოზიციის როლის გაზრდა, სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში);

· ხელისუფლებამ შეწყვიტოს დამოუკიდებელი ტელეარხების მუშაობის ხელის შეშლის ან ჩარევის ნებისმიერი მცდელობები - შეწყვიტოს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ ნებისმიერი უკანონო ქმედება, ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტების არაეთიკური კრიტიკა. მოხდეს საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პრობლემების სიღრმისებული შესწავლა, მათ შორის არაგეგმიური აუდიტის მეშვეობით და ნეპოტიზმის მიმართულებით. უნდა გადადგეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელისუფლებასთან აფილირებული გენერალური დირექტორი და გამჭვირვალე და ღია პროცესის შედეგად უნდა მოხდეს ახალი ხელმძღვანელის შერჩევა;

· შეწყდეს მმართველი პარტიის უკანონო ჩარევა საჯარო სამსახურის საქმიანობაში და საჯარო მოსამსახურეების გამოყენება მმართველი პარტიის საარჩევნო მიზნების მისაღწევად. აღიკვეთოს ნეპოტიზმის და ფავორიტიზმის შემთხვევები საჯარო სამსახურში მიღების პროცესში;

· დაიწყოს თვითმმართველობის რეალური, მათ შორის ფისკალური, დეცენტრალიზაციის პროცესი, რათა ადგილებზე ჰქონდეთ საკმარისი ფინანსური რესურსები და ქონება საკუთარი უფლებამოსილებების განსახორციელებლად;

· კრიტიკულად დაბალ დონეზე არსებული სასკოლო განათლების ხარისხის ასამაღლებლად, მთავრობამ დროში გაწერილი, პრობლემის მოგვარებაზე ორენტირებული საბიუჯეტო პროგრამები უნდა შეიმუშაოს;

· ეკონომიკური გარემოს მარეგულირებელი კანონმდებლობის ცვლილებისას გათვალისწინებული უნდა იყოს მოქალაქეებისა და მეწარმეების აზრი. მთავრობამ უარი უნდა თქვას ე.წ. პოპულისტურ საკანონმდებლო ინიციატივებზე, უზრუნველყოფილი უნდა იყოს კონკურენციის სააგენტოს ეფექტური მუშაობა, სოციალური პოლიტიკა ორიენტირებული უნდა იყოს არა წინასაარჩევნოდ სოციალური დახმარებების გაზრდაზე, არამედ სოციალური დაცვის სტაბილური სისტემის ჩამოყალიბებაზე.

მართალია ყველა ამ რეფორმის მოკლე ვადებში განხორციელება და შესაბამისი შედეგების მიღწევა რთულია, თუმცა არის საკითხები, სადაც ეფექტური და მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა უახლოეს პერიოდშიც შეიძლება. ამ მხრივ აღსანიშნავია ზოგიერთი გახმაურებული საქმის გამოძიება (სადაც სავარაუდოდ ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების უკანონო ქმედებები იკვეთება), რაც მდგომარეობის რეალური გამოსწორების პოლიტიკური ნების მანიშნებელი იქნებოდა", - აღნიშნავენ "გამჭვირვალობაში".




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.6%
შემცირდა 11.5%
არ შეცვლილა 2.9%