ზოგიერთი ჩვენი ოპონენტისგან განსხვავებით, სალომე ზურაბიშვილი არასდროს იქნება საქართველოს ოპონენტი, ის ყოველთვის არის საქართველოს მხარეს შეიძლება იყოს ზოგიერთ შემთხვევებში ხელისუფლების ოპონენტი, თუ ფიქრობს, რომ ხელისუფლება და ზოგადად ხელისუფლების პოლიტიკა რაღაცაში სცდება მის ხედვას, მაგრამ ის არასდროს იქნება საქართველოს ოპონენტი, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა, სოზარ სუბარმა ხულოში, სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი არ არის „ქართული ოცნების“ წევრი. ის არის დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელსაც „ქართული ოცნება“ უჭერს მხარს. მისივე განცხადებით, რატომ უჭერს მხარს და რატომ არის, ესეც ერთგვარი სიმბოლო, როდესაც დამოუკიდებელი კანდიდატის გამარჯვება იქნება მნიშვნელოვანი.
მისივე თქმით, "ქალბატონი სალომე პარტიის წევრიც რომ იყოს, მაშინაც დამოუკიდებელია, თვითონ პიროვნება არის ასეთი და ის თავის სათქმელს ყოველთვის ამბობს პირდაპირ, ყოველთვის ამბობს ისე, როგორც ის ფიქრობს".
სოზარ სუბარის განცხადებით, მნიშვნელოვანი, რომ სალომე ზურაბიშვილი ერთი მხრივ, არის დამოუკიდებელი, მაგრამ მეორე მხრივ, არის ისეთი დამოუკიდებელი, რომელიც არასდროს იქნება საკუთარი ქვეყნის ოპონენტი.
მისივე თქმით, ზურაბიშვილი ყოველთვის იქნება თავისი ქვეყნის გამარჯვებისთვის მებრძოლი და ქვეყნის გამარჯვების მსურველი.
„კიდევ ერთი სიტყვა მინდა ვთქვა. ამ ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტუალურია და ხშირად ვისმენთ ისეთ სლოგანს, როგორიც არის მეტი ევროპა საქართველოში და მეტი საქართველო ევროპაში. დღეს გვაქვს ჩვენ ეს შანსი, რომ ეს ფიგურალური გამოთქმა პირდაპირი მნიშვნელობითაც ვაქციოთ რეალობად. ქალბატონი სალომე სწორედ ნიშნავს მეტ ევროპას საქართველოში და მისი პრეზიდენტობა ნიშნავს ჩვენს უფრო მეტ დაახლოებას და უფრო სწრაფ სვლას ჩვენი მიზნისკენ. ეს არის საერთო ევროპული ოჯახის ღირსეულ და სრულუფლებიან წევრებად გადაქცევა ძალიან მალე. ეს არის ევროკავშირის წევრობა, ეს არის ნატო-ს წევრობა და ამაში ძალიან დიდი წვლილის შეტანა შეუძლია ქალბატონ სალომეს, ადამიანს, რომელმაც უზარმაზარი წვლილი შეიტანა იმაში, რომ საქართველოდან გასულიყო რუსეთის სამხედრო ბაზები და ადამიანს, რომელიც შეძლებს, დააჩქაროს ჩვენი ინტეგრაცია ევროპასა და ნატო-ში. მივესალმოთ კიდევ ერთხელ ქალბატონ სალომეს და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენთან ერთად გავიმარჯვებთ 28 ოქტომბერს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.