მარიამ ჯაში ლობირებს კანონპროექტს, რათა მისი ოჯახის წევრების მფლობელობაში მყოფმა უნივერსიტეტმა გაიაროს ავტორიზაციის პროცესი, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, კორუფცია უკვე პარლამენტის დარბაზში შევიდა, სადაც პარლამენტის წევრები საქართველოს მოქალაქეების და სახელმწიფოს ინტერესებს უნდა იცავდნენ.
"დღეს პარლამენტის დღის წესრიგში პირველ საკითხად შესულია კანონპროექტი, რომელსაც ლობირებს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, რათა მისი ოჯახის წევრების მფლობელობაში მყოფმა უნივერსიტეტმა გაიაროს ავტორიზაციის პროცესი. ვითხოვთ, უახლოეს დღეებში ფრაქციის სხდომაზე გამოცხადდეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, რომლსაც ასევე აქვს კერძო ინტერესები კერძო ბიზნესში, რომელიც განათლებას შეეხება. აგვიხსნან, რატომ გადაწყდა საქართველოში საგანმანთლებლო ინსტიტუტების არათანაბარ პირობებში ჩაყენება, მათი კერძო ინტერესების ლობირების ხარჯზე. ამით საფრთხე შეექმნა არა მხოლოდ განათლების ხარისხს, საფრთხე შეექმნა ვალდებულებებს, რომელიც ქვეყანას ევროკავშირთან აქვს აღებული - საქართველო სავარაუდოდ, ევროპულ სტრუქტურებში ვერ გაწევრიანდება მაშინ, როცა სახელმწიფო ასე აშკარად და უხეშად ერევა განათლების სფეროში, კორუფციული ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობა" უმაღლესი სასწავლებლების ავტორიზაციასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე ფრაქციის სხდომაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს იბარებს.